მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Alipay+ მთელი საქართველოს საფინანსო სისტემას დაუკავშირდება, ეს ერთი ბანკის მასშტაბებს სცდება - კახა კოდუა

ნეო ქართული ბანკი

Ant International-ის გლობალური საგადახდო ქსელი Alipay+ საქართველოს ბაზარზე შემოდის. 27 ოქტომბერს, თბილისის ფინანსური სამიტის ფარგლებში, ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, „ნეო ქართული ბანკი“ საქართველოში პლატფორმის ექსკლუზიური პარტნიორი გახდა. სისტემის სრულად ამოქმედება 2027 წლის მეორე კვარტალის ბოლოსთვის იგეგმება.

„ნეო ქართული ბანკის“ გენერალური დირექტორის, კახა კოდუას განცხადებით, Alipay+-თან პარტნიორობა ერთი ბანკის საქმიანობას სცდება და მიზნად ისახავს ქართული საფინანსო სექტორის გლობალურ საგადახდო ქსელთან დაკავშირებას. მისი თქმით, პროექტი ქართულ ბიზნესს საერთაშორისო ბაზრებზე წვდომას გაუმარტივებს.

„Alipay+-ის საქართველოში შემოყვანა და ეს პარტნიორობა ერთი ბანკის მასშტაბებს სცდება - ჩვენ საქართველოს მთელ საფინანსო სისტემასა და ეროვნულ ეკონომიკას მსოფლიოში უმსხვილეს საგადახდო ქსელთან ვაკავშირებთ. ეს ჩვენი ბანკის პირველი ფლაგმანური ტექნოლოგიური პროდუქტია, რომელიც ქართულ ბიზნესს აზიისა და გლობალური ბაზრების მომხმარებლებთან პირდაპირ და გაცილებით ეკონომიურ წვდომას აძლევს. დღეს ფინანსები აღარ შემოიფარგლება ეროვნული საზღვრებით; საქართველოს ეკონომიკა გლობალური ნაკადების გზაჯვარედინზე უნდა იდგეს. ამ შეთანხმებას ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ფინანსურ რუკაზე სტრატეგიულად ახალ სიმაღლეზე აჰყავს“, - განაცხადა კახა კოდუამ.

Alipay+ Ant International-ის ტრანსსასაზღვრო ციფრული გადახდებისა და მომსახურების პლატფორმაა. კომპანიის ინფორმაციით, ეკოსისტემა 50-ზე მეტ საერთაშორისო საგადახდო პარტნიორს აერთიანებს, რომელთა მომხმარებლების ანგარიშების რაოდენობა 2 მილიარდს აღემატება. პლატფორმის ქსელში მსოფლიოს მასშტაბით 150 მილიონზე მეტი სავაჭრო ობიექტია ჩართული.

პროექტის ფარგლებში იგეგმება ადგილობრივი ბანკების ცენტრალიზებულ ქსელში ინტეგრაცია და საქართველოში სავაჭრო ობიექტებისთვის QR-კოდით გადახდების მიღების შესაძლებლობის დანერგვა. ინიციატივა ასევე ითვალისწინებს ქართული საბანკო ბარათებისა და აპლიკაციების Alipay+-ის გლობალურ ქსელთან თავსებადობას.

პლატფორმის საქართველოში დანერგვამ, პროექტის ინიციატორების შეფასებით, შესაძლოა გაამარტივოს საერთაშორისო ვიზიტორებისთვის ანგარიშსწორება და ქართულ ბიზნესს, მათ შორის საცალო ვაჭრობისა და სტუმარმასპინძლობის სექტორებში, უცხოელი მომხმარებლების მომსახურების დამატებითი შესაძლებლობა მისცეს. სისტემის მეშვეობით ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, ადგილობრივ სავაჭრო ობიექტებში საკუთარი მობილური საფულეებითა და აპლიკაციებით გადაიხადონ.

ამასთან, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ქართული მომხმარებლებისთვის Alipay+-ის ქსელში ანგარიშსწორების შესაძლებლობის შექმნაც, რაც განსაკუთრებით აზიის ქვეყნებში მოგზაურობისას იქნება გამოსადეგი.

Ant International-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტისა და მდგრადობის მთავარი ოფიცრის, ლეიმინგ ჩენის განცხადებით, პარტნიორობის მიზანია, საქართველოს საფინანსო ინსტიტუტები საერთაშორისო ქსელთან დააკავშიროს და გადახდების მიღების შესაძლებლობა სხვადასხვა ზომის ბიზნესისთვის უზრუნველყოს.

პროექტის სრული საოპერაციო გაშვება მარეგულირებელი ორგანოების ნებართვების მიღებისა და საწყისი საპილოტე ტესტირების წარმატებით დასრულების შემდეგ, 2027 წლის მეორე კვარტალის ბოლოს იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები