ორგანიზებული ჯგუფის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის, ყოფილ მოკრივეს, ბიზნესმენ გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრს, ბორის გოგიჩაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. როგორც "ინტერპრესნიუსი" წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თეონა ეპიტაშვილმა მიიღო.
გიორგი კანდელაკმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ამ ყველაფერთან შეხება არ აქვს.
„საერთოდ რა ხდება, ვერ ვხვდები. გუშინ თუ გუშინწინ, [გორის საკრებულოს წევრის, ბორის გოგიჩაიშვილის] ოჯახის წევრებმა მთხოვეს, ადვოკატი ჩამეყვანა თბილისში.... სამჯერ გამომაგდეს ეზოდან, ველოდე, ველოდე ადამიანი ცუდად არის-მეთქი, ვამბობდი. წადი ნუ ხმაურობო, პატრულსაც უნდა გამოუძახონო. მერე მითხრეს, ერთ-ერთ უფროსს შენთან გასაუბრება უნდა, ბორისსაც განახებთო, ავედი ზემოთ. კამათში და შეკამათებაში ეს მოხდა. საერთოდ შეხება არ მაქვს ამ ყველაფერთან, ამ ხალხს საერთოდ არ ვიცნობ. საიდან არიან ჩემი ჯგუფის წევრები? სასწაული კონცერტი დადგეს“, - განაცხადა კანდელაკმა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი 17 სექტემბერს ამოიღო. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები შიდა ქართლის რეგიონში კუსტარულად ამზადებდნენ და არალეგალურად ახორციელებდნენ ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციას. საქმეზე დაკავებულია 7 პირი, მათ შორის გიორგი კანდელაკი, ბორის გოგიჩაიშვილი (გორის საკრებულოს წევრი), ქართლოს ჯალაბაძის ძმა – გიორგი ჯალაბაძე და ალექსანდრე კურტანიძე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით (არალეგალური მეწარმეობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 200-ე მუხლის მე-4 ნაწილით (უაქციზო პროდუქციის შენახვა/გადაზიდვა/რეალიზაცია დიდი ოდენობით) დაიწყო, რაც ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.




























