მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალმოდებული Tesla Semi-ის ჩასაქრობად აშშ-ში 189,000-ზე მეტი ლიტრი წყალი დახარჯეს

Tesla Semi

ცოტა ხნის წინ, კალიფორნიის ერთ-ერთ ავტობანზე Tesla-ს ელექტროტრაილერი, Tesla Semi ამოყირავდა, რამაც გზა თექვსმეტი საათით გადაკეტა. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ გზის გაწმენდას, როგორც წესი, ამდენი დრო არ სჭირდება, მაგრამ ელექტრომობილების შემთხვევაში, საქმე განსხვავებულადაა, რადგან ელექტობატარეები რამდენიმე საათის და ზოგჯერ, დღეების განმავლობაში იწვის. როგორც ახლა გახდა ცნობილი, Tesla Semi-ის ელექტრობატარეების ჩასაქრობად მეხანძრეებმა 189,000-ზე მეტი ლიტრი წყალი გამოიყენეს, რაც იმდენი წყალია, რამდენსაც სამი საშუალო სტატისტიკური ოჯახი ერთი წლის განმავლობაში გამოიყენებს.

რატომ ეკიდება ცეცხლი ლითიუმ-იონურ ბატარეას და რატომ არ ქრება ცეცხლი მრავალი საათის განმავლობაში? ელექტრობატარეების სპონტანურ აალებას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველი და ყველაზე ხშირი - ჯაჭვური რეაქციაა, რომელიც ელექტრობატარეების ბლოკში მაშინ იწყება, როცა რომელიმე უჯრედი ზედმეტად გადახურდება და ფეთქდება. ამ დროს დიდი წნევა და სითბო გამოიყოფა, რის გამოც შემდეგი უჯრედიც ფეთქდება, რაც, თავის მხრივ, პროცესს ჯაჭვურად აგრძელებს და გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრობატარეა ლითიუმისაა, ის დიდი ხნის განმავლობაში იწვის. თავად თერმული გადახურება რამდენიმე ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული, მათ შორის ზედმეტი დამუხტვის, ბატარეის შიგნით არსებული დისბალანსით, მოკლე ჩართვით და ბატარეის ფიზიკური დაზიანებით.

თუ ელექტრობატარეების აალების პრევენცია ტექნოლოგიური გაუმჯობესებით შეიძლება, რაზედაც ელექტრომობილების და ბატარეების მწარმოებლები აქტიურად მუშაობენ, ელექტრობატარეების ბლოკიდან ცეცხლის ალის გამოსვლა, რასაც მთელი ავტომობილი ეწირება, ჯერაც პრობლემად რჩება. ამ პრობლემის აღმოფხვრაზე ქართული Elven Technologies-ი მუშაობს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ვამეხ ხერხეულიძემ TECH INFORM-ში შარშან განაცხადა, Elven-ში კომპოზიტური მასალა შექმნეს, რომელსაც ბატარეის აალებისას გაჩენილ ცეცხლთან გამკლავება შეუძლია.

“ჩვენი მიგნება - კომპოზიტია. ამ კომპოზიტში ახლა ოთხი მატერიაა, რომელთაგან არც ერთს არ ვფლობთ, პირიქით, მათი ყიდვა ონლაინაც შესაძლებელია, ხოლო ჩვენი ინტელექტუალური საკუთრება რეცეპტს მოიაზრებს, ანუ როგორ მზადდება ეს პროდუქტი - რა მასალებისგან, რა თანმიმდევრობით. ჩვენი ცეცხლგაუმტარი კომპოზიტი 2000-გრადუსიან ტემპერატურას უძლებს ნახევარი საათის განმავლობაში და ეს ვიცით, რადგან ტესტები ჩატარებული გვაქვს. თუმცა ამ ეტაპზე, არც ტემპერატურის ზედა ლიმიტი გვაქვს აღმოჩენილი და არც დროის, რადგან ცდებისას 2000 გრადუსს და ნახევარ საათს ვერ ვცდებით”, - აღნიშნავს ვამეხ ხერხეულიძე და დასძენს, რომ ლიმიტების მიუხედავად, ეს ტესტი გაცილებით უფრო მასშტაბურია სტანდარტიზებულ ტესტებთან შედარებით, რადგან მათ შემთხვევაში ტესტი ერთი-ორი წუთი გრძელდება”, - აღნიშნა ვამეხ ხერხეულიძემ TECH INFORM-ში შარშანდელი სტუმრობისას.

აქვე აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ სტატისტიკურად, ელექტრომობილები უფრო ნაკლებადაა მიდრეკილი აალებისკენ, ვიდრე შიდა წვის და ჰიბრიდული ავტომობილები. ელექტრომობილების აალების შემთხვევები: EV = 100,000-დან 25; ბენზინი = 100,000-დან 1,530; ჰიბრიდი = 100,000-დან 3,475. თუმცა შიდა წვის ძრავის და ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში, ცეცხლის ჩაქრობა გაცილებით მარტივია, ამიტომაცაა, რომ ელექტრომობილების აალების შემთხვევები, როგორც წესი, ადამიანებს მეტად ამახსოვრდებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები