მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Alshaya Group-ს დიდი ინტერესი აქვთ საქართველოს მიმართ და გრძელვადიან აქტივობას, ინვესტიციებს გეგმავენ" - თორნიკე სულაბერიძე

სს

"ფაქტი, რომ Starbucks საქართველოში Alshaya Group-ის ფრენჩაიზის მეშვეობით შემოვიდა საკმაოდ მნიშვნელოვანი სიგნალია სხვა ინვესტორებისათვის, სხვა ბრენდებისათვის, რომ ქვეყანა არის საკმაოდ მიმზიდველი", - ამის შესახებ ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე სულაბერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკური ზრდა, რომელსაც ქვეყანა ამ წლების განმავლობაში აჩვენებდა, არის ის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ შემოვიდა მსგავსი ბრენდი საქართველოში.

„გარდა Starbucks-ისა Alshaya Group-ს გააჩნია ბევრი სხვა ბრენდი პორტფელში და ეს არის დასაწყისი მხოლოდ მათი გრძელვადიანი გეგმებისა საქართველოში“, - აღნიშნა სულაბერიძემ.

მისივე თქმით, Alshaya Group-ის წლიური შემოსავალი არის 30 მლრდ-მდე აშშ დოლარი და მათ რეგიონში საკმაოდ მსხვილი ინვესტიციები აქვთ განხორციელებული.

„ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი საქართველოში. მოლაპარაკებები ნაადრევ ეტაპზე არის, ახლა გამიჭირდება რაიმე მსხვილი პროექტის დაანონსება, თუმცა რა თქმა უნდა პირველადი, ასე ვთქვათ, კომუნიკაცია შედგა. თვითონ კომპანია ამჟამად ორიენტირებულია Starbucks-ის სხვა ფილიალების გახსნაზე. თუმცა ასევე არ დაგიმალავთ და გამოხატეს ინტერესი თავიანთი პორტფელში არსებული ბრენდების კუთხით, რომ გახსნან საქართველოში. მათ საკმაოდ დიდი ინტერესი აქვთ ზოგადად საქართველოს მიმართ, რეგიონის მიმართ და მათთვის საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, სადაც გეგმავენ გრძელვადიან აქტივობას და ინვესტიციებს“, - აცხადებს თორნიკე სულაბერიძე.

ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ ეკონომიკური მაჩვენებლები საკმაოდ დიდ როლს თამაშობს, როცა ინვესტორი იღებს გადაწყვეტილებას.

„ის გარემოება, რომ მშპ ერთ სულ მოსახლეზე იზრდება, ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა იზრდება, სწორედ ამიტომ უფრო მეტი ბრენდი შემოდის ქვეყანაში. ის საინვესტიციო კლიმატი და ბიზნეს გარემო, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ყველა სექტორში მომხიბვლელს ხდის საქართველოს, როგორც რეგიონში და არა მარტო, ასევე აღმოსავლეთ ევროპაში“, - განაცხადა თორნიკე სულაბერიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები