მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ალტა“: 6 თვეში გაყიდვების მაჩვენებლის კლება 10%-ის ფარგლებშია

5f1d8f58d4a1d
თათია ჩაფიჩაძე
26.07.20 20:00
1736
"ალტას“ გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორის გიორგი ჟურულის ინფორმაციით, წლის პირველ ნახევარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაყიდვების მაჩვენებლის კლება 10%-ის ფარგლებშია.

როგორც მან „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა, გაყიდვების საკმაოდ მძიმე ვარდნა აპრილსა და მაისში დაფიქსირდა, როცა „ალტა“ პროდუქციის რეალიზაციას მხოლოდ ონლაინ არხებით ახერხებდა.

„პანდემიურმა ვითარებამ სერიოზული გავლენა მოახდინა ტექნიკის ბაზარზე. 2 თვე რთულ ვითარებაში მოგვიწია მუშაობა, ამიტომ საკმაოდ დიდი ვარდნა იყო. ივნისში კი, როცა ქსელი ამუშავდა და მომხმარებელმა აქტიურად დაიწყო სიარული, გაყიდვების საპროგნოზო მაჩვენებლებზე ვერ გავედით, მაგრამ მივუახლოვდით. ახლაც ასე მივდივართ, თუმცა ვფიქრობ, ამას გარკვეული წინაპირობები აქვს - ეს არის დაგროვილი მოთხოვნა, კურსთაშორისი ცვლილება, ასევე ის, რომ ამ პერიოდში ადამიანებს ხარჯები არ ჰქონდათ გასაწევი, რადგან კომუნალური გადასახადები თუ საკრედიტო ვალდებულებები გადავადებული იყო, გართობის ხარჯები იზოგებოდა და ა.შ. ამ ყველაფერმა კი, ხელი შეუწყო იმას, რომ ივნისში გაყიდვები გაიზარდა, მაგრამ სურათი იცვლება ეკონომიკის გახსნასთან ერთად, რადგან ეს ხარჯები სხვადასხვა სექტორებზე ნაწილდება და შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, გარკვეული კლებაც არის“, - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ჟურულმა.

მისივე თქმით, საინტერესო ტენდენციაა ის, რომ სატელეკომუნიკაციო პროდუქცია ფუფუნების საგნად აღარ ითვლება, მითუმეტეს, როცა დისტანციური მუშაობა აქტუალური გახდა. "გაიზარდა მოთხოვნა ნოუთბუქებზე, პლანშეტებზე და ა.შ. ტელეფონებზე კი მოთხოვნა არც შემცირებულა, რაც იყო, იგივე დარჩა“, - განაცხადა ჟურულმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები