მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

AltaOkay: "განვადების ნაწილში გაყიდვები შემცირებულია, თუმცა კრიტიკული სიტუაცია არ გვაქვს"

5c5c0ab5a0b6b
ლევან თაღიაშვილი
07.02.19 17:30
1914
კრედიტების გაცემაზე შეზღუდვების დაწესების გავლენის შედეგებს ტექნიკის ბიზნესი ამ დრომდე იმკის. რეგულაცია განსაკუთრებით ხელშესახები იმ ბიზნესებისთვის აღმოჩნდა, რომელთა გაყიდვების დიდი წილი განვადებით რეალიზაციაზე მოდის. ტექნიკისა და ონლაინ მაღაზიების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ გაყიდვები თითქმის გაუნახევრდათ. 

AltaOkay-ს გენერალური დირექტორი, ნუცა კოღუაშვილი დღეს  bm.ge-თან აცხადებს, რომ 2018 წლის მაისიდან ამოქმედებული ეროვნული ბანკის რეგულაციის გავლენის ტენდენცია დღესაც გრძელდება, თუმცა კომპანიაში ამ მხრივ კრიტიკული სიტუაცია არ არის.

„ეროვნული ბანკის რეგულაციებს მიმდინარე წლის  იანვრიდან განსაკუთრებული ეფექტი არ ჰქონია. უფრო შარშან, მაისში ამოქმედებული რეგულაციების ინერცია გრძელდება, რასაც გაზაფხულზე უკვე ჰქონდა ეფექტი. მას შემდეგ შეინიშნება ჩვენს ქსელში განვადებების შემცირება. კომპანიაში ძირეული ცვლილებები საბანკო რეგულაციების გამო არ ყოფილა, უბრალოდ მომხმარებლები შედარებით უფრო დაბალ ფასიან პროდუქციას არჩევენ. მცირედით შემცირებულია პროდუქციის  საშუალო ფასიც. 


ცხადია, თავისი გავლენა ელექტრო ტექნიკის ბაზარზე ფინანსებთან ხელმისაწვდომობის შეზღუდვას აქვს, მაგრამ AltaOkay-ში არ არის ისეთი კრიტიკული სიტუაცია, რომ დიდ შემცირებას ვვარაუდობდეთ. კლება არის განვადების პროცენტში, მაგრამ ამას ვაბალანსებთ ერთჯერადად გადახდილი თანხებით“ - განმარტავს კოღუაშვილი.

შეგახსენებთ, 2018 წლის მაისიდან მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე კომერციულ ბანკებს სესხების გაცემა შეეზღუდათ. შედეგად,  თვითდასაქმებულებს - ძიძებს, რეპეტიტორებს, ტაქსის მძღოლებს, პროფილაქტიკის ხელოსნებს, რომელთა შემოსავალიც ოფიციალურად არ ფიქსირდება, სესხის მისაღებად დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა დასჭირდათ. ამასთან, განსაზღვრულია ლიმიტი, თუ რა ოდენობის სესხის მიღება შეუძლიათ თვითდასაქმებულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები