მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალტე უნივერსიტეტის IT სკოლის ბაზაზე ამერიკული კომპანიის Cisco Systems-ის ქსელური აკადემია დაფუძნდა

63eb6e753d496
BM.GE
14.02.23 15:21
653
ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სკოლის ბაზაზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანიის Cisco Systems-ის (cisco.netacad.com) ქსელური აკადემია - Alte University Cisco Academy დაფუძნდა. Cisco Systems Inc. 1984 წელს, ამერიკაში შეიქმნა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით აკადემიების ყველაზე დიდ ქსელს წარმოადგენს მსოფლიოში. Cisco Systems-ის ქსელური აკადემიები მსოფლიოს 190 ქვეყანასა და ასობით ათას სტუდენტს აერთიანებს. მათი მიზანი კომპიუტერული ქსელების, კიბერუსაფრთხოების, IoT პროგრამირების საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის ცოდნის გაზიარება და ახალი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობაა.

ალტე უნივერსიტეტში აღნიშნული აკადემიის დაფუძნება კომპიუტერული მეცნიერების ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებს ბაკალავრის აკადემიური ხარისხის პარალელურად ცისკო აკადემიის საერთაშორისო სერტიფიკატის მიღების შესაძლებლობას მისცემს, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ წინსვლასა და დასაქმებას, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. ცისკოს აკადემიის სასწავლო პორტალი დაკავშირებულია დასაქმების ჰაბთან, რომელშიც გაერთიანებულია 60 000-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია და სერტიფიკატის მქონე სტუდენტებს სთავაზობს დასაქმებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ცისკოს CCNA 7.0 სასწავლო კურსებს გაუძღვებიან ცისკოს ქსელური საერთაშორისო ტრენერები გიორგი გამდლიშვილი და ნანი არაბული, რომლებსაც აღნიშნული კურსების სწავლების 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვთ.

„ცისკოს ქსელური აკადემიის კომპიუტერული ქსელების დაგეგმვის, ინსტალაციისა და მართვის სასწავლო კურსები ინტეგრირებულია ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამების სასწავლო კურსებში. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური სასწავლო მასალის განახლება ხდება პერიოდულად, რათა მასში ასახული იყოს თანამედროვე კომპიუტერული ქსელების განვითარების ტენდენციები. სასწავლო კურსების ლექციების 40% შედგება პრაქტიკული/ლაბორატორიული სამუშაოებისგან, რომელთა მსვლელობისას სტუდენტებს ეძლევათ ქსელურ მოწყობილობებთან მუშაობის საუკეთესო შესაძლებლობა, რაც დაეხმარება მათ თეორიული საკითხების უკეთ აღქმასა და გააზრებაში. ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრის ხარისხთან ერთად მიიღებენ ცისკოს საერთაშორისო სერტიფიკატს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე.“ - აღნიშნავს ნანი არაბული, ალტე უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის დეკანი.

შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლა ალტე უნივერსიტეტმა დაახლოებით 1 თვის წინ დააფუძნა. იგი კომპიუტერული მეცნიერების ორ საბაკალავრო პროგრამას აერთიანებს ქართველი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის. აღნიშნული პროგრამები უკვე შეტანილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აკრედიტაციის მისანიჭებლად. რაც შეეხება მიღებას, აბიტურიენტებს, 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მიეცემათ შესაძლებლობა, ინოვაციური სასწავლო მეთოდებით მიიღონ საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული განათლება და გახდნენ კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით მოთხოვნადი პროფესიონალები.

კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ: ITschool@alte.edu.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები