მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ალტერსოქსი“ ექსპორტზე ავსტრალიაში გავიდა

601d5c8933c77
ვიქტორია მღებრიშვილი
05.02.21 19:40
1878
ქართული წარმოების წინდები „ალტერსოქსი“ ავსტრალიაში გაიყიდება. როგორც წინდების მწარმოებელი კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი რევაზ ბესელაშვილი BM.GE-ისთან ამბობს, ავსტრალიაში საწყის ეტაპზე რამდენიმე ასეული წინდა გაიგზავნა.

„ალტერსოქსის“ წინდები ავსტრალიაში ექსპორტზე პირველად გავგზავნეთ. აქამდე რამდენიმე პირადი ამანათი გვქონდა გაგზავნილი, მაგრამ ამ რაოდენობით პირველად გავიდა. ჩვენი პარტნიორები ავსტრალიაში სხვადასხვა დასახელების ქართული პროდუქტის რეალიზაციას ახდენენ და შესაბამისად, იცნობენ ბაზარს, ამიტომ იმის მოლოდინი, რომ ქართულ წინდაზე მოთხოვნა იქნება - გვაქვს. ძირითადად, ქართული თემატიკის წინდები გავაგზავნეთ და ვიცით, რომ ჩვენი პროდუქტი ონლაინ, მაღაზიასა და რესტორანში გამოყოფილ სპეციალურ კუთხეში გაიყიდება“, - ამბობს რევაზ ბესელაშვილი.

მისივე ინფორმაციით, დღეისთვის წინდები 15-მდე ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთში, ამერიკაში, ინგლისში, ბელარუსში და სხვა ბაზარზე გადის და ამ მიმართულებით პარტნიორთა რაოდენობა ფართოვდება და ახალ ბაზრებსაც ითვისებს.

„ჩვენი ძალებით აშშ-ში სხვადსხვა ონლაინ პლატფორმაზე ვაპირებთ „ალტერსოქსის“ გატანას. ამასთან გამოჩნდა კომპანია, რომელიც იქ დასაწყობებასა და ლოგისტიკის მიმართულებით გვეხმარება შეკვეთების განხორციელებაში. ამიტომ უახლოეს პერიოდში, ვფიქრობ, აშშ-ის ბაზარზეც შევალთ“, - განაცხადა კომპანიის თანადამფუძნებელმა.

რევაზ ბესელაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ „ალტერსოქსის“ ღირებულება სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია და იქ არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და კონკურენტულ გარემოზეა დამოკიდებული. მეწარმე ამბობს, რომ „ალტერსოქსს“ დღეისთვის წლიურად 100 000-დან 1 მლნ წყვილამდე წინდის წარმოება შეუძლია და წარმადობა მოთხოვნაზეა დამოკიდებული.

აღსანიშნავია, რომ პანდემიამდე ნაწარმის 30% ექსპორტზე გადიოდა; კორონავირუსის გამო, ეს მაჩვენებელი 2020 წელს შემცირდა, თუმცა კომპანიაში გეგმავენ, რომ ამ ნიშნულს ეტაპობრივად დაუბრუნდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები