წინდების მწარმოებელ ქართულ ბრენდ „ალტერსოქსსა“ და გერმანული პრემიუმ ბრენდის ავტომწარმოებელს შორის თანამშრომლობა გრძელდება. წინდების კომპანია მიმდინარე წელს უკვე მეორედ გაგზავნის შეკვეთას Porsche-სთვის, - ამის შესახებ „ალტერსოქსის" დამფუძნებელმა ნინა მენთეშაშვილმა BM.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
"Porsche-სთან ახლა განმეორებითი თანამშრომლობა გვაქვს, გავაკეთეთ ახალი მოდელები და უკვე წარმოების პროცესში ვართ, შეკვეთას თვის ბოლომდე გავუშვებთ, Porsche-სთან თანამშრომლობა, ჩვენთვის, როგორც ბრენდისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, შესაბამისად, ორიენტირებული ვართ ხარისხზე და არა რაოდენობაზე. 1000 წინდას გავგზავნით", - დასძინა მან.
ამასთან, დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ექსპორტის წილი კომპანიისთვის საგრძნობლად გაიზარდა და „ალტერსოქსის" მთლიანი წარმადობის 15-20% ექსპორტზე გადის.
"მიმდინარე წელს არსებულ ბაზარზე მოთხოვნა არ გაზრდილა, თუმცა, გაიზარდა მოთხოვნა საექსპორტო ბაზრებიდან, ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ბაზრებია იტალია, გერმანია და საფრანგეთი, ამასთან, შედარებით ნაკლები რაოდენობით გაგვაქვს პროდუქცია აშშ-ში, შვეიცარიაში და სხვა ქვეყნებში. მიმდინარე წელს ექსპორტს მთლიანი წარმადობის 15-20% უჭირავს. სამომავლო გეგმებშია საექსპორტო არეალის გაზრდა", - განმარტა ნინა მენთეშაშვილმა
ცნობისთვის: "ალტერსოქსი" 2016 წელს შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ ბრენდის პროდუქცია ჯამში 15-მდე ქვეყანაში, მათ შორის იტალიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთში, სომხეთში, საფრანგეთში, იყიდება.