ქართული სტარტაპის “ალტერსოქსის” წინდები 2019 წლის პირველ ნახევარში AMAZON.COM-ზე გამოჩნდება.
ამის შესახებ “ალტერსოქსის” ერთ-ერთმა თანადამფუძნებელმა რეზი ბესელაშვილმა bm.ge-თან განაცხადა.
როგორც თვითონ ამბობს, ამ ეტაპზე ფერადი წინდები გერმანულ AMAZON-ზე უკვე იყიდება და ექსპორტზე ისეთ ქვეყნებში გადის, როგორებიცაა: აზერბაიჯანი, აშშ, ესპანეთი და ირანი.
მისივე თქმით, ყველაზე მოთხოვნად წინდად კვლავ ცნობილი ხინკლებიანი წინდები რჩება. ეს წინდა განსკუთრებით პოპულარული ტურისტებშია.
ბესელაშვილი იმასაც აცხადებს, რომ გერმანულ AMAZON-ზე მაღალი მოთხოვნა ოკუპაციის თემატიკაზე დამზადებულ წინდებზე იყო.
“ამ ეტაპზე ექსპორტზე გავდივართ რამდენიმე ქვეყანაში, ისეთებში როგორებიცაა ბელორუსია, აზერბაიჯანი, ამერიკა, ესპანეთი, ირანი და ა.შ. შეიძლება ჯერ არ ვართ მასშტაბურად წარმოდგენილები, მაგრამ ჩვენი მიზანია, უფრო მასშტაბურად ვიყოთ საექსპორტე ბაზრებზე, რადგან პროდუქტს აქვს იმის საშუალება, რომ სხვა ქვეყნებშიც კარგად იმუშაოს. AMAZON.COM-ზე არის შემოთავაზება რომ განვათავსოთ ჩვენი პროდუქცია, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ელექტრონული კომერციის პლატფორმა არის, რომლითაც სარგებლობს მთელი მსოფლიო. ეხლა ვართ გერმანულ „ამაზონზე“ და ძალიან გვინდა, რომ AMAZON.COM-ზეც გამოჩნდეთ. ეხლა ვიწყებთ ამ თემაზე მუშაობას და ალბათ მომავალი წლის პირველ ნახევარში სავარაუდოდ უკვე შევძლებთ AMAZON.COM-ზე გამოჩენას“, -ამბობს „ალტერსოქსის“ ერთ-ერთ თანადამფუძნებელი რეზი ბესელაშვილი.