ალვანში თანამედროვე სტანდარტების ყველის გადამამუშავებელი საწარმოს და ტურისტული ობიექტის მშენებლობა შეფერხებულია, ამის შესახებ Bm.ge-ს თუშმა მეყველემ, კოოპერატივ "ალაზნისთავის“ დამფუძნებელმა, პაატა აბულიძემ განუცხადა. მისი განმარტებით, გუდის ყველზე ევროპასა და სხვადასხვა საექსპორტო ბაზრებზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, მაგრამ პრობლემა მისი თანამედროვე სტანდარტებით შეფუთაა, რადგან კოოპერატივს ასეთი საწარმო არ აქვს. აღნიშნული საწარმოს მშენებლობის მიზნით ,,ალაზნისთავმა“ პროექტი მოამზადა, რომელიც მთავრობასთან ერთად უნდა განეხორციელებინა. საწარმოს მშენებლობა შემოდგომაზე იგეგმებოდა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 250 ათას ლარს შეადგენდა.
"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აღარ არსებობს მეურნეობა, სადაც რეგიონში დამზადებული გუდის ყველის შენახვა, დაჭრა, დაფასოება და ეტიკეტირება მოხდება. მოსახლეობა იძულებულია წარმოებული ყველი საკუთარი სახლის სარდაფებში შეინახოს, რაც არაჰიგიენურია. ჩვენი, მწარმოებლების მთავარი პრობლემა სწორედ ეს არის: დაფასოება და შეფუთვა. ალვანში არსებული საწარმო, სადაც ამჟამად ვაფასოებთ ყველს, ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რაც იაპონიისა და ევროპული ბაზრებისთვისაა მისაღები, ამერიკის ბაზარს, სადაც ექსპორტს ვახორციელებთ, სხვა სტანდარტები აქვს. როდესაც ევროპიდან იყვნენ ჩამოსული, გვთხოვეს ამ მიმართულების მოწესრიგება” - განაცხადა პაატა აბულიძემ.
მისი განმარტებით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად კოოპერატივმა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთან ერთად პროექტი შეიმუშავა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების მეურნეობის შექმნას ითვალისწინებს.
,, ჩვენი პროექტი, რომელიც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ დაამუშავა, მოწონებული იქნა. საუბარი იყო მიწის გამოყოფაზე და შემოდგომიდან ვფიქრობდით ყველის საწარმოს მშენებლობას, რომელიც ზემო და ქვემო ალვანის საზღვარზე განთავსდებოდა. პროექტი ასევე ითვალისწინებს სასაწყობო მეურნეობისა და ტურისტებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის მოწყობას, კერძოდ ყველის სადეგუსტაციო დარბაზის, პატარა მუზეუმისა და საჩვენებელი წარმოების გაკეთებას. გავიარეთ ყველა ეტაპი, თუმცა, ბოლოს განგვიცხადეს, რომ ამ პროექტისათვის საჭირო ფინანსების მოძიებას მთავრობა ვერ ახერხებდა. ამჟამად ველით საბოლოო პასუხს... “ - განაცხადა პაატა აბულიძემ.
როგორც აბულიძე განმარტავს, აღნიშნული საწარმოს გაკეთება რეგიონში გუდის ყველის შენახვისა და დაფასოების პრობლემას მოაგვარებს, რადგან ის მხოლოდ კოოპერატივზე არ იქნება გათვლილი. ეს კი ფერმერების შემოსავალს გაზრდის, შესაბამისად გაიზრდება მოტივაციაც და უფრო მეტი ადამიანი დაამზადებს გუდის ყველს.
" ზემო და ქვემო ალვანში 500 ტონა ყველი მზადდება და იმის გამო, რომ არ არის სასაწყობე მეურნეობა, დასაფასოებელი და შესაფუთი საწარმო, ამ ყველის მიზერულ ფასად, გადამყიდველებში რეალიზაცია ხდება. ყველის დასაწყობება გრილ ადგილასაა საჭირო, ყველას არ აქვს სახლში ამის საშუალება....ეს პროექტი ყველამ მოიწონა და იმედი მაქვს გაკეთდება, ის რეგიონის პროდუქტის შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმო იქნება“ - განაცხადა პაატა აბულიძემ.