ქართული ცოცხალი ცხვრის საექსპორტო ბაზრებს ალჟირი დაემატა. როგორც BM.GE-ს ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ცხვრის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიის, შპს მ.კ.გ ჯგუფის მფლობელმა მამუკა ადამიამ განუცხადა, ქართულმა პროდუქტმა ახალ ბაზარზე მოწონება დაიმსახურა.
ცნობისთვის, საქართველოდან ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის და ცხვრის ექსპორტი მზარდია. საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის 5 თვეში ჯამური ღირებულება 29 მილიონ დოლარზე მეტი იყო. საქართველოდან ალჟირში საკლავი ცხვრის ექსპორტისთვის საჭირო ვეტერინარული სერტიფიკატის ფორმა 11 მაისს დამტკიცდა, რაც ამ ქვეყანაში ექსპორტის დაწყების წინაპირობაა.
მამუკა ადამიას თქმით, შუა აზიის ქვეყნებიდან ინტერესი მზარდია. როგორც ის აღნიშნავს, ექსპორტის ხელშეწყობას შეეხო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრაც.
"ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით იყო [სამინისტროში] შეხვედრა - რა პრობლემები გვაქვს, რით შეუძლიათ დაგვეხმარონ და ასე შემდეგ. სამინისტრო მართლაც აქტიურად მუშაობს, რომ დაგვეხმაროს ახალი ბაზრების ათვისებაში. ჩვენი სფერო სპეციფიკურია, ბევრ რამესთან არის დაკავშირებული, ხელშეწყობის გარეშე ძალიან რთულია. სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად გვეხმარება. სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებული მოთხოვნები აქვთ ანალიზებთან დაკავშირებით. ჩვენ ვმუშაობთ არაბულ ქვეყნებთან. მთავრობის დახმარებით, საექსპორტო ბაზრებს ალჟირი დაემატა, საკმაოდ დიდი მოთხოვნით. ჩვენ პირველად შევიყვანეთ და მოწონება დაიმსახურა ქართულმა ცხვარმა. შუა აზიიდანაც აქტიური მოთხოვნაა მას შემდეგ, რაც სამინისტრომ იქ ბევრი შეხვედრა ჩაატარა მთავრობასთან ერთად, იქიდანაც გვიკავშირდებიან, მაგრამ აქ ყველაფერი გასათვლელია, ცოტა რთული გზაა სანამ ჩავალთ შუა აზიის ქვეყნებში, მიდის ახლა მოლაპარაკებები და ვნახოთ",- აღნიშნავს ის.
რაც შეეხება მიმდინარე ტენდენციებს, მამუკა ადამიას თქმით, წელს შეფერხებები იყო დაავადებების გამო, ასევე ტრანსპორტირების გაძვირების ფონზე, საქონელი თვითმფრინავით პრაქტიკულად აღარ იგზავნება, რაზეც ირანში მიმდინარე მოვლენებმა იმოქმედა, რადგან ეს ქვეყანა სატრანზიტოდ გამოიყენება ერაყში ექსპორტისას.
"წელს დაახლოებით 3-4 თვე საქმიანობა შეჩერებული იყო, ვინაიდან დაავადებები გავრცელდა მიმღებ ქვეყნებში და ისინი იკავებდნენ თავს. ახლა ნელ-ნელა დაიწყო ისევ მუშაობა, არის მოთხოვნა. მთელი რიგი ღონისძიებების გატარებას, აცრებს სჭირდება დრო. ტრანზიტული ქვეყნების მოთხოვნაც მკაცრად არის ამ საკითხთან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე სეზონი, ახალ წლამდე ისეთივე აქტიური იქნება, როგორც ადრე.
ცხვარს ჩვენ ვაგზავნით საუდის არაბეთში, ქუვეითში, ბაჰრეინში. საუდის არაბეთში ძირითადად სანაოსნო საშუალებით ვაგზავნიდით, სხვაგან თვითმფრინავით, მაგრამ ეს ძალიან გაძვირდა და არარენტაბელური ხდება უკვე, თვითმფრინავით პრაქტიკულად წელს არ გაგვიგზავნია. საწვავი გაძვირებულია და ტრანსპორტირება, შესაბამისად, გაძვირებულია. ასევე გაძვირებულია სანაოსნოსთვისაც, მაგრამ მაინც, ჯერჯერობით არის კონკურენტუნარიანი.
რაც შეეხება მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, ამას ძირითადად ვაგზავნით ერაყში ტრანსპორტით, მანქანით, აზერბაიჯანის და ირანის გავლით. ირანში შეფერხებებმა, რა თქმა უნდა, ჩვენზეც იმოქმედა, საომარი მოქმედებების გამო პრაქტიკულად ორი თვე დაკეტილი იყო. ახლა გახსნილია და ნელ-ნელა ისევ დავუბრუნდით ამ ბაზარს",- აცხადებს მამუკა ადამია.
კითხვაზე ბაზრების დივერსიფიკაციის შესახებ, ის აღნიშნავს, რომ არსებული ბაზრებიდან მოთხოვნის და წარმოების დონის გათვალისწინებით, ქვეყანაში დამატებითი ბაზრებისთვის საკმარისი საქონელი არაა.
"ჩვენი კომპანია წლის განმავლობაში 60-დან 80 ათასამდე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვს აგზავნის და დაახლოებით ერთი ამდენიც ცხვარი გადის.
საქართველოს საექსპორტო ცხვარი წლის განმავლობაში არის დაახლოებით 300-დან 350 ათასამდე. აქედან დაახლოებით ნახევარი გადის აზერბაიჯანში, მე პირადად ცოტა რაოდენობას ვაგზავნი, მაგრამ 5-6 კომპანია არის ამით დაკავებული. მეორე ნახევარი გადის არაბულ ქვეყნებში. მოთხოვნა ქართულ ცხვარზე საკმაოდ დიდია, იმიტომ რომ ხარისხობრივად ის ერთ-ერთი კონკურენტუნარიანია. ახლა, უფრო მეტი ბაზარიც რომ ავითვისოთ, ამის საშუალება არაა, არ არის ამდენი რაოდენობა",- ამბობს მ.კ.გ ჯგუფის მფლობელი.



























