მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ამ ბიჭებს ძეგლი უნდა დავუდგათ" - ბატიაშვილის უწყების ექსპერტი ფილარმონიის მმართველებზე

5c9a37e62d866
თელარა გელანტია
26.03.19 19:05
839
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დარგის ექსპერტის კახა კანდელაკის აზრით, ეკონომიკის სამინისტრომ ფილარმონიის მმართველ კომპანიას დაგროვილი დავალიანება უნდა გადაუნაწილოს.

ამის შესახებ კანდელაკმა bm.ge-ის თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მმართველი კომპანიის შპს „ინტერნეიშენალ ივენთსის“ მიერ სახელმწიფოს მიმართ დაგროვილი დაახლოებით, 3 მლნ ლარის დავალიანების თემის კომენტირებისას განუცხადა, რის გამოც კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის საკითხი დღის წესრიგში დადგა, მაგრამ ეკონომიკის სამინისტროს საბოლოო გადაწყვეტილება, ჯერ არ მიუღია.

მიუხედავად იმისა, რომ კახა კანდელაკი სახელმწიფოს წარმოადგენს, ის ფიქრობს, რომ „ინტერნეიშენალ ივენთს“, რომელმაც ფილარმონიის 49 წლით მართვის ვალდებულება 2007 წელს აიღო, ხელშეკრულება არ უნდა შეუწყდეს.

„ფილარმონიის კერძო კომპანიისთვის მართვაში გადაცემა, თავიდანვე სახელმწიფო ინტერესს წარმოადგენდა, რადგან სახელმწიფო ვერ უვლიდა დარბაზს - ნახევარი მეტრი სიმაღლის წყალი იდგა, სკამზე ვერ დაჯდებოდი, „საუნდი“ საშინელი იყო, რაღაცეებს ყიდდნენ შიგნით, ყველა კვადრატულ მეტრზე ვიღაცა ქურდი იდგა... საშინელება ხდებოდა და რაც მთავარია, გათბობა-გაგრილების სისტემა საერთოდ არ იყო და კონცერტებს ვერც ზაფხულში და ვერც ზამთარში ვერ ატარებდნენ, მარტო შემდოგომაზე იყო საშუალება... ამ სიტუაციაში კერძო ინვესტორმა აიღო დარბაზის მართვა საკუთარ თავზე, გაარემონტა, ჩადო ინვესტიცია, პლიუს კიდევ ფართები ქირავდება შიგნით, იქიდან დღგ-ს გადასახადსაც ხომ იხდის და ბიუჯეტში შეაქვს, რაღაცეები ხომ არის კიდევ, სხვა პლიუსები და ჯამში, სახელმწიფო მოგებაზეა“, - განაცხადა კანდელაკმა.

ჟურნალისტის რეპლიკაზე - „წლების განმავლობაში ფილარმონიის მმართველი ვერ იხდიდა მართვის საზღაურს, რის გამოც ჯამში, 3 მლნ ლარამდე დავალიანება დაუგროვდა სახელმწიფოს წინაშე“, მიხეილ ბატიაშვილის უწყების დარგის ექსპერტმა აღნიშნული ობიექტური ფაქტორებით ახსნა.

„ეგ კი ვიცი, მაგრამ 18 მინისტრი გამოიცვალა, თავიდანვე იყო... უფრო კარგად გეტყვით გირგი კერსელიძე (გიორგი კერესელიძეა ფილარმონიის დირექტორია) მოტყუებით იყო ერთი ნული მიწერილი. წარმოიდგინეთ, ამხელა რაღაცა გაურემონტე სახელმწიფოს, რომელსაც კაპიკი ფული არ უჯდება, 120 კაცი დაუსაქმე, იმათ ხლეფასს აძლევ, უვლი და თან იცით, შოუბიზნეის როგორ არის? - პატარა მიტინგი როცა არის, არავის ეკონცერტება; ეს რომ პური და წყალი იყოს, მიხვალ და იყიდი, აქ კი, ხომ კონცერტებზე არავინ დადის?! ზოგჯერ საპარლამენტო არჩევნები რომ არის, ისე დასცხებენ მეზობლები ერთმანეთს, არ ელაპარაკებიან და კონცერტების ბილეთებს იყიდნენ?... 2008 წლის ომის მერე საერთოდ არავის ეკონცერტებოდა, მერე რაღაც მოხდა, მერე ის მოხდა, მერე კიდევ ის მოხდა, მერე არჩევნები იყო, მერე მთავრობა შეიცვალა და როცა სულ რაღაც ხდება, ეს ყველაზე მეტად ურტყამს კონცერტებს; ასე რომ, ეს ბიზნესი არასტაბილურია, დარბაზი რთულად შესანახია და ამიტომ ახლა ეს ბიჭები ამას აკეთებენ და მე მგონი, მათ იქით ძეგლი უნდა დავუდგათ ისეთ მაგარ რაღაცას აკეთებენ, თან მით უმეტეს, თვითმფრინავებს ეგენი არ ყიდულობენ და მილიონერები ეგენი არ არიან; პლიუს გადასახადი რომ დააწესა ზურაბ ნოღაიდელმა, ისეთი სიტუაცია იყო, რომ ძალით მოაწერინეს ხელი იმ პერიოდში... წარმოიდგინეთ - გაარემონტებინეს თან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული დარბაზი და უთხრეს, კიდევ მომეცი ზემოდან წლიურად 250,000 ლარი მართვის საზღაურიო. რატომ მოაწერეს ასეთ კონტრაქტს ხელი? - არ მოაწერდით და... ხომ იცით, როგორც იყო მაშინ. ეჩქარებოდათ დარბაზის გარემონტება - აბა ბიჭებო ჩქარა გააკეთეთ და ზეგ მოგიხსნით ყველა ვალდებულებასო; მერე მეორე მინისტრი მოვიდა - ამას მე ვერ ავიღებ ჩემს თავზეო და ასე 18 მინისტრი დაჰპირდა ფილარმონიის მმართველებს საზღაურის შემცირებას და დღემდე მოვიდნენ ასე“, - აღნიშნა კანდელაკმა.

ის მიიჩნევს, რომ თბილისის საკონცერტო დარბაზის მმართველ კომპანიას დაგროვილი დავალიანება უნდა გადაუნაწილონ.

„ვთქვათ, „ინტერნეიშენალ ივენთსს“ ჩამოართვეს ფილარმონია, მერე სახელმწიფო რას იზამს? ის გადასახდელი დავალიანებაც ხომ დაიკარგება?! მაგათ კი არა მილიარდერებს გადაუვადეს სასტუმროებს რომ ვერ აშენებდნენ და რა მოხდა?! ნელ-ნელა გადაიხდიან, ჩვეულებრივი ამბავია. ეკონომიკის სამინისტრო ყველას ეხმარება, კი არ უნდა მოკლას, პირიქით უნდა გააცოცხლოს და თუ გადაუნაწილებენ 8-9 წელზე ისინიც ნელ-ნელა გადაიხდიან, რაც გადასახდელი არ არის „დაჟე“, მაგრამ მაინც გადაიხდიან და რა ჰგონია ხალხს, რომ ეს რომ სახელმწიფოს გადაეცეს, ხომ დააწვება ამის შენახვა სახელმწიფოს? ან ვინმეს ჰგონია, რომ სახელმწიფოს მართვაში თუ იქნება დარბაზი, იქ უფასოდ შეუშვებენ ქართველ მომღერლებს? სახელმწიფოსია ოპერის თეატრი, მაგრამ იქ შესვლა და ღონისძიების ჩატარება 35,000 ლარი ღირს. 500 ლარად რატომ ვერ შედიან?! მაგას კი არ ფიქრობენ...“, - განაცხადა კახა კანდელაკმა.

შეგახსენებთ: დღეს გახდა ცნობილი, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულმა/ფილარმონიულმა ორკესტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას მიმართა და ფილარმონიის გადაცემა ითხოვა.

ცნობისთვის: ამჟამად, ფილარმონიის მმართველი კომპანია „ინტერნეიშენალ ივენთსია“, რომელიც დარბაზს 2007 წლიდან 49-წლიანი იჯარით მართავს.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის დარბაზს სახელმწიფოს წინაშე 3,115,146 ლარის და $177,102 დოლარის დავალიანება ერიცხება.

2019 წლის 18 იანვარს ფილარმონიის მმართველმა ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას წერილით მიმართა, რომელშიც დავალიანება 9 წელზე გადანაწილებას სთხოვს. სამინისტროს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები