მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ამ ბიუჯეტს ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება" - ფრაქცია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე

შალვა პარლამენტი

პარლამენტში, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას "გახარია საქართველოსთვის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე შალვა კერესელიძემ აღნიშნა, რომ პარტია საბიუჯეტო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

როგორც მან განაცხადა, სახელმწიფო, არაეფექტური მართვის გამო, ბიუჯეტს ისედაც ვერ ითვისებს სრულად, რასაც პარტია კორუფციულ გარიგებებს უკავშირებს.

"სიმართლე არის ის, რომ ბიუჯეტში ფული არის და არაეფექტური მართვის გამო, ფულს ვერ ითვისებთ და თავის გამართლების მიზნით, კორექტული ტერმინი მოიფიქრეთ და ბიუჯეტის შეუსრულებლობას "დაკორექტირება" დაარქვით. ნაცვლად იმისა, რომ კეთილი ინებოთ და თქვათ, რომ აღებულ პასუხისმგებლობებს ვერ ასრულებთ და ბიუჯეტს სწორედ მაგიტომ ვერ ითვისებთ.

რატომ შეფერხდა პროექტების ათვისების ტემპი? რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ ის სარგებელი და სიკეთეები რაც სახელმწიფოს უნდა გაეკეთებინა ინფრასტრუქტურული, სოციალური თუ სხვა მიმართულებით?... იცით რატომ? იმიტომ, რომ კორუფცია საქართველოში ხელისუფლების მხრიდან "გაპრავდა" და თითქმის ყველა დონეზე ნებადართული გახდა; მეორე მიზეზი ეს არის კორუფციული ტენდერებიდან აღებული ქრთამი. მესამე, ამის ნათელი მაგალითი და უტყუარი დასტურია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გასულ წლებში ჩაატარებული კონკრეტული მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა მთელი რიგი დარღვევები რაც აუდიტის სამსახურმაც კი ვერ დამალა. მუნიციპალიტეტებში გამოვლენილი ეს დარღვევები გამოწვეულია არაკომპეტენტურობით, გულგრილობით, ნეპოტიზმით, კორუფციული მიდგომებით და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით.

აქედან გამომდინარე, თქვენ ეს ბიუჯეტი როგორ ჭრილშიც არ უნდა წარმოაჩინოთ და დაგვანახოთ, ამ ბიუჯეტს ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება. მხარდაჭერა არ ექნება იმიტომ, რომ ეს არის ფასადური ბიუჯეტი რომელიც მორგებულია არა ხალხზე და იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ბიუჯეტის ასეთი სახით დაგეგმვა კეთდება მხოლოდ იმიტომ, რომ გადაფაროთ და დამალოთ სახელისუფლებო უწყებების ხარვეზები, ჩავარდნები და მანკიერი მხარეები, მაგრამ რაც არ უნდა ეცადოთ ამის მტკიცება არ გამოგივათ", - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

ცნობისთვის, 2025 წლის 9 თვეში საქართველოს მთავრობამ 20.7 მილიარდი ლარის ნაცვლად 19.3 მილიარდი ლარი აითვისა, რაც გეგმის 93.3%-ია. ასეთი დაბალი საბიუჯეტო ათვისების მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ არ ყოფილა. გეგმით განსაზღვრულსა და ფაქტობრივ შესრულებას შორის სხვაობა 1.4 მილიარდ ლარს შეადგენს.

ამის პარალელურად, 29 ნოემბერს პარლამენტში მთავრობის მიერ წარდგენილი 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის თანახმად, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ჯამური ოდენობა 36.3 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები