მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ დროისთვის ხმის მიცემის პროცესი, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს - ცესკო

არჩევნები 2024

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, სიმშვიდის მიუხედავად, გარკვეულ შემთხვევებში ფიქსირდება საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის პროცესის ხელის შეშლის ფაქტები.

"საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. გარკვეულ შემთხვევებში ფიქსირდება საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის პროცესის ხელის შეშლის ფაქტები. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარტიების, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს დაიცვან კანონმდებლობა, ნუ ჩაერევიან კომისიების ფუნქციებში და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ ვითარებაში ჩატარებას. მედიის წარმომადგენლებმა უნდა დაიცვან საუბნო საარჩევნო კომისიებში მუშაობისას ფოტო-ვიდეო გადაღების დადგენილი წესი. წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაცია გამოიყენებს კანონით დადგენილ მექანიზმებს.

შეგახსენებთ, რომ ერთსა და იმავე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას უფლება აქვს უბანზე ერთდროულად ჰყავდეს მხოლოდ 1 დამკვირვებელი, საერთაშორისო ორგანიზაციებს 2 დამკვირვებელი, რომლებსაც შესაძლოა ახლდეთ თარჯიმანი, მედია ორგანიზაციებს 2 წარმომადგენელი, ხოლო საარჩევნო სუბიექტებს - 1 წარმომადგენელი", - თქვა ნათია იოსელიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები