მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამ დროს ობიექტების მომარაგება ისედაც არ ხდება" - ასოციაცია ღამით BUS LANE-ში სადისტრიბუციო მანქანების დაშვების ინიციატივაზე

ლაშა რიჟამაძე

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარის, ლაშა რიჟამაძის შეფასებით, საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ღამის საათებში სადისტრიბუციო ტრანსპორტისთვის ავტობუსის ზოლების გახსნას ითვალისწინებს, ვერ უპასუხებს სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებს, რადგან ის ბიზნესის ყოველდღიურობას აცდენილია - ამის შესახებ რიჟამაძემ bm.ge-სთან ისაუბრა.

პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ღამის საათებში იცვლება ავტობუსის ზოლებით (BUS LANE) სარგებლობის წესი: კერძოდ, 01:00 საათიდან 06:00 საათამდე სადისტრიბუციო ავტომანქანებს ბასლაინში დგომისა და ტვირთის გადმოზიდვის უფლება ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 1-ელი იანვრიდან თბილისში სადისტრიბუციო ავტომობილებს პიკის საათებში (08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე) გადაადგილება უკვე შეეზღუდათ.

ლაშა რიჟამაძის განმარტებით, დროის იმ მონაკვეთში, რომელსაც კანონპროექტი ითვალისწინებს, დედაქალაქში გადაადგილების შეფერხება ისედაც არ არსებობს, ხოლო სავაჭრო ობიექტების აბსოლუტური უმრავლესობა ამ დროს პროდუქციას არ იღებს.

"ღამის საათებში დედაქალაქის მასშტაბით გადაადგილების პრობლემა სადისტრიბუციო კომპანიებისთვის ისედაც არ არსებობს. უმთავრესი ფაქტორია, რომ აღნიშნულ დროის ინტერვალში შემთხვევათა 99%-ში საერთოდ არ ხდება პროდუქციის მიწოდება - იქნება ეს საცალო ვაჭრობის ქსელური ობიექტი თუ ნებისმიერი სხვა მაღაზია, სადაც სურსათის მიწოდება ხორციელდება. ჩვენთვის გაუგებარია ამ რეგულაციის საჭიროება, რადგან ფიზიკურად ამ საათებში ქალაქში გადაადგილების პრობლემა არ დგას", - აცხადებს ლაშა რიჟამაძე.

მისივე თქმით, ბასლაინში გაჩერებისა და ტვირთის ჩამოტვირთვის უფლებაც ვერ მოიტანს მნიშვნელოვან შეღავათს, რადგან ღამის საათებში მომარაგება თითქმის არ წარმოებს.

"შესაძლოა, რამდენიმე ქსელი ღამის საათებში ახდენდეს გარკვეული ობიექტების მომარაგებას, მაგრამ ეს მოცულობა იმდენად უმნიშვნელოა, რომ ამ მიმართულებით დაშვება თავისთავად ვერ ჩაითვლება სისტემურ შეღავათად".

ასოციაციის თავმჯდომარე ასევე არ იზიარებს პროგნოზს, რომლის თანახმადაც აღნიშნული შეღავათი პროდუქციაზე ფასების შემცირებას გამოიწვევს და განმარტავს, რომ ხარჯების რეალური შემცირების გარეშე სურსათის ღირებულებაზე გავლენა ვერ მოხდება.

"აღნიშნული დათქმა დადებით ზეგავლენას მოახდენს ფასზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეალურად მოხდება კომპანიების ხარჯების შემცირება. თუ ვითვალისწინებთ, რომ ღამით გადაადგილების პრობლემა ისედაც არ დგას და ობიექტების მომარაგებაც თითქმის არ ხდება, მაშინ ამ გადაწყვეტილებას ფასზე დადებითი ზეგავლენა ფიზიკურად ვერ ექნება.

იმ კომპანიებსაც კი, რომლებიც შიდა ლოგისტიკას ღამით ახორციელებენ, გადაადგილების პრობლემა არ აქვთ, რადგან 01:00-დან 06:00 საათამდე ქუჩები ცარიელია. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: თუკი შეფერხება არ არსებობს, რა გავლენა უნდა მოახდინოს ამ ინიციატივამ ფასზე?" - ამბობს რიჟამაძე BM.GE-სთან.

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ყურადღებას იმ ფაქტზე ამახვილებს, რომ დღის საათებში დაწესებულმა შეზღუდვებმა სექტორს სამუშაო დრო მნიშვნელოვნად შეუმცირა, რამაც კომპანიებს სერიოზული ფინანსური ტვირთი დააკისრა.

"გაბარიტული ტრანსპორტით მომარაგება 11:00 საათამდე ვერ ხერხდება. შესაბამისად, მძღოლები მუშაობას იწყებენ 11:00 საათზე და 17:00 საათისთვის უკვე უკან უნდა ბრუნდებოდნენ, რომ აიცილონ ჯარიმები. სამუშაო დრო მკვეთრად შემცირდა.

რაც შეეხება მუშაობის მეორე ცვლაში (20:00 საათის შემდეგ) გადატანას, ესეც ძალიან იშვიათად ხდება, რადგან პროდუქციის მიმღები მხარე ფიზიკურად არ გვხვდება ადგილზე. არც ქსელურ მარკეტებს და არც სხვა ობიექტებს - კაფეებს, ბარებს, რესტორნებსა თუ სასტუმროებს - არ ჰყავთ პერსონალი, რომელიც გვიან ღამით ტვირთს მიიღებს, რადგან ეს მათთვის დამატებით ღამის სამუშაო ხარჯებთან არის დაკავშირებული", - ამბობს ასოციაციის თავმჯდომარე.

სადისტრიბუციო სექტორი გამოსავალს დღის საათებში გარკვეული გამონაკლისების დაშვებასა და სპეციალური რეესტრის შექმნაში ხედავს. რიჟამაძის თქმით, ასოციაციამ თბილისის მერიას კონკრეტული მოდელი უკვე შესთავაზა.

"თუ გადაადგილების უფლება აქვთ ბეტონმზიდებსა და საწვავისმზიდებს, რატომ არ უნდა ჰქონდეს პირველადი მოხმარების სურსათს? ევროპის არაერთ ქვეყანაში, სადაც ვიწრო ქუჩებია და საწყობის მისაღები სივრცეები არ არსებობს, სურსათის მიმწოდებელ ტრანსპორტს განსაკუთრებული სტატუსი აქვს. მანქანები სპეციალურად არის დასტიკერებული, მძღოლები აყენებენ საინფორმაციო ნიშნებს და მოკლე დროით აჩერებენ ტრანსპორტს პროდუქციის ჩამოსატვირთად ისე, რომ არ ჯარიმდებიან. იქ ყველას ესმის, რომ სურსათის მიწოდების ჯაჭვის გამართული მუშაობა თითოეული მოქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენთან კი, პარკირების ადგილების სიმცირის ფონზე, დაჯარიმების ინტენსივობა ძალიან მაღალია, რაც პირდაპირ აწვება ბიზნესს ტვირთად", - აცხადებს ლაშა რიჟამაძე.

როგორც ასოციაციაში აღნიშნავენ, პარლამენტში მიმდინარე საკანონმდებლო ინიციატივა მათთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე მომზადდა. სექტორის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები ყურადღებას გაამახვილებენ რეალურ გამოწვევებზე - დღის საათებში გადაადგილების შესაძლებლობასა და პარკირების მოწესრიგებაზე, რაც, მათი შეფასებით, პოზიტიურ გავლენას მოახდენს როგორც ბიზნესზე, ისე სამომხმარებლო ფასებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები