Lefform Concrete Georgia-ს დამფუძნებელი ნიკა ლეფსაია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კომპანია სახელმწიფო შეკვეთებზე მუშაობს, რადგან შეკვეთის მოცულობა საკმაოდ დიდია.
როგორც მან bm.ge-ის კომპანია განუცხადა, უკვე დაასრულეს ერთი პროექტი ბათუმში და ახლა მიმდინარეობს მუშაობა მუნიციპალური განვითარების ფონდის შეკვეთაზე, რომელიც საპარკე სკამების დამზადებას ითვალისწინებს.
„დაკავებული ვართ ისევ და ისევ საპარკე სკამების და აქსესუარების დამზადებით. იქიდან გამომდინარე, რომ ერთი წელია კონკრეტულ შეკვეთაზე ვმუშაობთ, სხვა კერძო შეკვეთების მიღებას ვერ ვახერხებთ. განვითარებას და გეგმებს რაც შეეხება, გვაქვს კიდეც ჩანაფიქრი და იდეებიც, ხის, მეტალის ჩანართებით სკამების ახალი მოდელების შექმნის. სკამებზე, სავარძლებსა და ქუჩის აქსესუარებზე კარგი მოთხოვნაა“, - განაცხადა ლეფსაიამ და დასძინა, რომ ამ წელს მისი ძირითადი გეგმა კომპანიის განვითარებაა, ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქციის წარმოების მიმართულებით, რაც არის საპარკე სკამები და სავარძლები.
კომპანია დასაწყისში აბაზანის აქსესუარებს ამზადებდა, თუმცა როგორც ლეფსაია ამბობს, ამ ეტაპზე ამაზე უარი თქვეს, რადგან ძალიან ძვირი ჯდება, ბევრ დროს მოითხოვს და მოთხოვნაც სკამებთან შედარებით ნაკლებია.
Lefform Concrete Georgia საპარკე სკამების დასამზადებლად თურქეთიდან იმპორტირებულ ნედლეულს იყენებს, რაც როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, მის ღირებულებას საკმაოდ აძვირებს.
„ნედლეულს რაც შეეხება, თურქეთიდან ჩამოგვაქვს. ზოგადად, ჩვენს მიერ დამზადებული პროდუქტი ძვირია, რადგან დამზადებული პროდუქციის თითქმის 60% მიდის მასალებში, ანაზღაურებაში და ა.შ.“, - თქვა მან.
Lefform Concrete Georgia ამ ეტაპზე 10 ადამიანს ასაქმებს. „დასაქმებულების რაოდენობის გაზრდა მოგვიწია რა თქმა უნდა. თუმცა სამწუხაროდ, შეკვეთები არასტაბილურია, ამიტომ გრძელვადიან დასაქმებებს ვერ ვახორციელებთ, თუმცა 15-20 კაცის ფარგლებში უმუშავია ჩვენთან და ამ ეტაპზე 10-მდე ადამიანს ვასაქმებთ“, - თქვა ლეფსაიამ.
მისივე თქმით, საზღვარგარეთიდან დაინტერესება იყო, თუმცა ვიდრე კომპანია სერიულ წარმოებაზე არ გადავა, ექსპორტზე ფიქრი ნაადრევია.
ცნობისთვის, კომპანია Lefform Concrete Georgia ქართულ ბაზარზე 2022 წელს გამოჩნდა, კომპანიის შესაქმნელად დამფუძნებლებმა $40 000-ის მოცულობის ინვესტიცია განახორციელეს და მათი პროდუქცია პრემიუმ სეგმენტზეა გათვლილი.