"კოლიერს ჯორჯიას" შეფასებით, უახლოეს თვეებში დეველოპერულ ბაზარზე პრობლემები მოსალოდნელი არ არის. კომპანიის კვლევებისა და მონაცემთა სერვისების ხელმძღვანელი ლეო ჩიქავა ამბობს, რომ ცვლილება რაც ბაზარზე ბოლო 2 წლის განმავლობაში ეტაპობრივად ფიქსირდება, პოლიტიკურად არასტაბილურ თვეებს ემთხვევა. კერძოდ, მისი განმარტებით, არასტაბილური გარემოს გამო ტრანზაქციები 1 ან 2 თვით იკლებს, თუმცა გადავადებული მოთხოვნის ასახვა მომდევნო თვეებში ფიქსირდება.
„კოლიერს ანალიზსს აკეთებს საჯარო რეესტრის ტრანზაქციების ბაზის მიხედვით. ამ ბაზის პრობლემაა ის, რომ დეველოპერები ტრანზაქციებს არეგისტრირებენ უფრო დაგვიანებით, რის გამოც პირველად ბაზარზე გვაქვს ხოლმე უფრო დაგვიანებული სურათი, მეორეული ბაზარი უფრო კარგად აჩვენებს მდგომარეობას.
ბოლო 3 წლის განმავლობაში რეკორდულად არის გაზრდილი მოთხოვნა უძრავი ქონების ბაზარზე. ამ მხრივ არ არის პრობლემა ფინანსების ნაწილში, არის მზარდი ფასები, მიწოდებაც მზარდია. ამ ეტაპზე ბაზარს არც მოთხოვნის და არც მიწოდების პრობლემები არ აქვს. ერთადერთი ამოვარდნები რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში არის ხოლმე, ეს არის კონკრეტულად პოლიტიკური კრიზისის თვეები. ეს ჩნდება ხოლმე რეგისტრაციებში და ტრანზაქციებში 1 თვის დაგვიანებით. წინა ორ შემთხვევაში ეს გაგრძელდა 2 თვის განმავლობაში, ახლა იანვარსა და თებერვალში იყო მოსალოდნელი რომ იქნებოდა კლებები, რაც ასევე გამართლდა.
რამდენად გაგრძელდება ეს კლება დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები. კლების მიზეზი ფინანსური ხელმისაწვდომობა კი არ არის, არამედ მომხმარებლების მოლოდინები მომავალზე, სტაბილურობაზე და ამიტომ იკავებენ თავს გადაწყვეტილებების მიღებისგან. თუ ეს მოლოდინები დიდხანს გაგრძელდა, დავინახავთ გრძელვადიან უარყოფით შედეგებს.
დავეთანხმები გამომსვლელებს, რომ ის რომ უახლოეს თვეებში დეველოპერულ ბაზარს ჰქონდეს რაიმე პრობლემა მოსალოდნელი არ არის, მათ დიდ ნაწილს უკვე ამოყიდული აქვს 2025 წელს რაც უნდა დასრულდეს ის ბინები, ამაზე მოთხოვნა სტაბილური და ძლიერი იყო ეს წლები.
ბოლო 3 წლის განმავლობაში მიწოდება იზრდება 20%-ით. არ ჩანს ის, რომ მიწოდების ზრდის ტემპი შენელების პროცესში იყოს, პირიქით, საკმაოდ ჯანსაღი ბაზარია და ფასების ზრდის ფონზე კიდევ არის მოლოდინი. ზედმეტი მიწოდება ჯერ ბაზარზე არ იკვეთება,“ - განაცხადა ჩიქავამ "უძრავი ქონების პროსპექტის" ეთერში.