აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ ე.წ. რუსულს კანონზე მორიგი კომენტარი გააკეთეს. კერძოდ, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა. ჟურნალისტმა პატელს ჰკითხა, შეუძლია თუ არა დაადასტუროს, რომ მიმდინარეობს კონგრესთან ამ საკითხზე დისკუსია, რაზეც პატელმა უპასუხა, რომ ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებს, თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ-ის შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტი წარმოუდგენლად შემაშფოთებელია.
“რამდენიმე კვირაა ამ კანონპროექტზე ვსაუბრობთ და კიდევ გავიმეორებ, რაც ჩემგან ადრეც მოისმინეთ: ჩვენ ამ კანონმდებლობის შინაარსს წარმოუდგენლად შემაშფოთებლად მივიჩნევთ.
ეს არის ისეთი კანონმდებლობის მსგავსი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ კრემლში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, რომლებსაც აქვთ მედია ორგანიზაციების დარბევის, სამოქალაქო საზოგადოების აქტორების, არაკომერციული ორგანიზაციების დარბევის გამოცდილება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამგვარი კანონმდებლობა შეუსაბამოა ევროკავშირის მიერ გაცხადებულ მიზნებთან, რაზეც საქართველოს თავად აქვს გაცხადებული, რომ დაინტერესებულია ასეთი მომავლით“, - განაცხადა პატელმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა 425 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელშიც წერია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და ნათქვამია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყოს მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივ დღის წესრიგშია. ასევე, რეზოლუციაში შევიდა ტექსტი ივანიშვილის სანქცირების მოწოდებისკენ, ასევე იმის გადახედვისკენ შეესაბამება თუ არა საქართველოს მიერ აგენტების კანონის მიღება ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებთან განგრძობად შესრულებასთან.