მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამ კანონპროექტით სხვა ქვეყნის მოქალაქე, ქართველი ემიგრანტიც ვერ შეძლებს მედიის დახმარებას - მურადაშვილი

თამთა მურადაშვილი

პარლამენტში მაუწყებლების შემზღუდავ კანონს განიხილავენ. “ოცნების” ინიცირებული პროექტით თვითრეგულირებული სფერო რეგულირებაში გადადის, რაც ნიშნავს, რომ კანონით გაკონტროლდება მედიის როგორც შინაარსი ისე ფინანსები.

პროექტის მიხედვით, რადიოებსა და ტელევიზიებს უცხოური დაფინანსების მიღება იკრძალება, შეიზღუდება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება, გარდა კომერციული რეკლამისა.

კანონპროექტის ჩანაწერით უცხოურ ძალად მიჩნეულია უცხო სახელმწიფო; საქართველოს მოქალაქეობის არ მქონე ფიზიკური პირი, საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, უცხო სახელმწიფოს სამართლის საფუძველზე დაფუძნებული ფონდები; ასოციაციები და კორპორაციები. მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში განსახილველი კანონპროექტით, ტელევიზიებსა და რადიოებს ასევე აეკრძალებათ სოციალური რეკლამის სანაცვლოდ თანხის მიღება.

მედია ისედაც შეზღუდულ სარეკლამო ბაზარზე ვითარება. ვითარება 2022 წელს კიდევ უფრო გაუარესდა, როდესაც მთავრობამ აზარტული თამაშების კომპანიებს სატელევიზიო რეკლამა აუკრძალა. ცვლილებამ ტელევიზიებს შემოსავალი იმავე წელს დაახლოებით 6 მლნ ლარით, 73.6 მლნ ლარამდე შეუმცირა. დანაკლისი უმეტესად ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი მედიებისთვის გახდა საგრძნობი.

ტელევიზიებს შემოსავლები 2024 წლის მე-4 კვარტალში 35%-ით 21.4 მლნ ლარამდე შემცირდა. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, შემცირება წინასაარჩევნო პერიოდმა განაპირობა, რადგან ოქტომბერში მაუწყებლები სარეკლამო დროს ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსებას უთმობდნენ. ამავე პერიოდში მაუწყებლებმა ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან ჯამში 9.8 მლნ ლარი მიიღეს.

შემოსავლების კლების კიდევ ერთ მიზეზად მარეგულირებელი ქვეყანაში წლის ბოლოს განვითარებულ მოვლენებს ასახელებს, რის გამოც წინასწარ დაგეგმილ საეთერო ბადეში ცვლილებები შევიდა და კომერციული რეკლამისთვის დათმობილი დრო შემცირდა.

მე-4 კვარტალში ტელევიზიების შემოსავალი ასე გადანაწილდა:

  • ტელეიმედი - 7.9 მლნ ლარი;
  • რუსთავი 2 - 3.5 მლნ ლარი;
  • მთავარი არხი - 2.1 მლნ ლარი;
  • პოსტვ - 1.9 მლნ ლარი;
  • ტელეკომპანია პირველი - 1.5 მლნ ლარი;

“მთავარი არხის” საერთაშორისო ადვოკატირების დირექტორი თამთა მურადაშვილი გვეუბნება, რომ ამჟამად ტელევიზიების დაფინანსებაში უცხოეთიდან მიღებულ თანხებს უმნიშვნელო წილი უკავიათ, თუმცა მომავალში დონორები რომელიმე ტელევიზიის გადარჩენას ამ კანონის პირობებში უკვე ვეღარ შეძლებენ.

როგორც წესი, სამაუწყებლო მედიაზე დიდად დონორების დახმარება არ მოდიოდა. იყო გარკვეულწილად პროექტები დასავლეთის დონორების დახმარებით განხორციელებული სამაუწყებლო მედიაში, თუმცა ძალიან უმნიშვნელო. ამიტომ დიდად დაფინანსების კუთხით ეს კანონპროექტი სამაუწყებლო მედიას ვერ დააზიანებს. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში დემონსტრაციული თავდასხმა ხორციელდებოდა სამაუწყებლო მედიაზე, უცხოელმა დონორებმა დაიწყეს იმაზე ფიქრი რომ სამაუწყებლო მედიას დახმარებოდნენ", - ამბობს მურადაშვილი.

ევროკავშირის წარმომადგენელების განცხადებების ფონზე, როცა დასავლელი პარტნიორებისგან არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის დახმარება იყო დაანონსებული, მურადაშვილი ფიქრობს რომ კანონპროექტით ხელისუფლებამ ამ შესაძლებლობის წინასწარ შეზღუდვა განიზრახა.

ეს სავარაუდოდ, დიდი დახმარება იქნებოდა. ამიტომ ალბათ ამას დაასწრეს და დაფინანსება შეზღუდეს. შეზღუდვა არ ეხება მხოლოდ უცხოელ დონორებს, რადგან მაგალითად ქართველი ემიგრანტი, რომელსაც შესაზლოა რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა აქვს, ისიც რატომღაც უცხოურ ძალად უნდა ჩაითვალოს ამ კანონის მიხედვით. ანუ თუ ვინმეს მაგალითად ეროვნებით ქართველს, რომელსაც უკვე სხვა ქვეყნის მოქალაქეობა აქვს მოინდომებს დემოკრატიაში წვლილის შეტანას და ქართული მედიის დახმარებას, მათაც აკრძალული ექნებათ ეს შესაძლებლობა”, - აცხადებს "მთავარი არხის" წარმომადგენელი.

დაფინანსების გარდა, ქართული ოცნების ინიცირებული კანონპროექტის გარკვეული ნაწილი ამ დრომდე თვითრეგულირების ფარგლებში მოქცეული საკითხების განხილვის უფლებას კომუნიკაციების კომისიას აძლევს, რაც ნიშნავს, რომ მედია თვითრეგულირებიდან რეგულირებაში გადადის.

ასეთი ინიციატივებით “ქართული ოცნება” ფიქრობს მთლიანად გააკონტროლოს მედიის შინაარსი. მან თვითონ უნდა გადაწყვიტოს რომელი სტატია თუ სიუჟეტი იქნება ზუსტი, დაბალანსებული. მან უნდა გადაწვიტოს რომელი სტატიის ავტორი იქნება მიკერძოებული ან მიუკერძოებელი. მან უნდა გადაწყვიტოს სარედაქციო თავისუფლების ხარიხსი. ამას სხვა არაფერი ჰქვია თუ არა ცენზურა”, - აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს რეგიონული ოფისების მენეჯერი ზვიად ქორიძე.

მისივე თქმით, ცენზურით ყველაზე მეტად საზოგადოება ზარალდება, რომელსაც თავისუფალ, მიუკერძოებელ და დამოუკიდებელ ინფორმაციაზე წვდომა აღარ ექნება .

თვითრეგულირება არის ზუსტად ჰორიზონტალური ურთიერთობა აუდიტორიის და მედიასაშუალების. აუდიტორიას არ მოსწონს სიუჟეტი და მიაჩნია, რომ იქ მედიამ რაიმე პროფესიული სტანდარტი დაარღვია. მიდის და ასაჩივრებს. ეს არის ბრიტანული სტანდარტი, ამაზე დგას ბრიტანული მედია, ამერიკული, ამაზე დგას კონტინენტური ევროპის. ეს კანონი რა თქმა უნდა, დამაზიანებელია კონკრეტული მედიასაშუალებებისთვის, თუმცა ეს არის ყველაზე მეტად დამაზიანებელი თავად მოქალაქისთვის”, - ამბობს ქორიძე.

კანონპროექტით ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას, პოზიციის გამოხატვა საავტორო პროგრამების გარდა იზღუდება; კანონით განისაზღვრება ყველა ის შემთხვევა, რა დროსაც ფარული მეთოდების გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ან გადაცემა გამართლებულია; დამატებით განისაზღვრება კერძო საკუთრების ტერიტორიაზე ფარული ჩაწერის სტანდარტი.

ქავერის ფოტო: ნეტგაზეთი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები