მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ კონფლიქტის გადაჭრის ადვილი გზა ახალი არჩევნების დანიშვნაა - რუსლან ხოროშვილი

EY საქართველო

EY საქართველოს მმართველი პარტნიორი რუსლან ხოროშვილი აცხადებს, რომ ის რაც დღეს ქვეყანაში ხდება დააზიანებს საქართველოს და აქ მცხოვრებლებს. გადაცემა „ბიზნესის კვირეულში“ სტუმრობისას დავით ხოროშვილმა თავისი პოზიცია დააფიქსირა და შეუერთდა ბიზნესის მოთხოვნას დაინიშნოს ახალი არჩევნები და საპროტესტო აქციის ყველა დაკავებული გათავისუფლდეს ახალ წლამდე.

„ეს აუცილებლად უნდა შეწყდეს - ეს არის ბიზნესის მოთხოვნა და ამაში პასუხისმგებელი მთავრობაა“ - აცხადებს EY საქართველოს მმართველი პარტნიორი.

„ყველას ჩვენს საზოგადოებაში სხვადასხვა მოსაზრებები აქვს და ამ მდგომარეობასაც განსხვავებულად ვხედავთ. არჩევნებმაც აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებასაც“ ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, მაგრამ არ მგონია, სხვადასხვა აზრი გვქონდეს, იმასთან დაკავშირებით, რომ ის, რაც დღეს საქართველოს ქალაქებსა და ქუჩებში ხდება - მიუღებელია და ის აუცილებლად აზიანებს საქართველოს და ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრებას აპირებს. იმის მაგივრად რომ მიდიოდეს ახალი ამბები - რა კარგი ღვინო გვაქვს, ხაჭაპური, ბიზნესგარემო, IT გარემო... მთელი მსოფლიო ხედავს იმას, რომ ჩვენ ერთმანეთის ცემა-ტყეპით ვართ დაკავებულები და ამაზრზენი კადრებით. ამას ძალიან ბევრი ხედავს და ძალიან ბევრმა, თავისი ბიზნესმიზნებით, საქართველოში ჩამოსვლაზე უარი თქვა... ალბათ, ტურიზმზე საუბარიც არ შეიძლება იმ ქვეყანაში, სადაც ყოველდღიურად ასეთი სურათია.

ჩვენი მოთხოვნაა, რომ ეს აუცილებლად უნდა შეწყდეს - ბიზნესის მოთხოვნა ეს არის და რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება, იმიტომ რომ ისინი წარმოადგენენ მთავრობას და მათ უნდა გადადგან ნაბიჯები, რომ ეს შეწყდეს. ახალი არჩევნები, ჩვენი მოსაზრებით, ყველაზე ოპტიმალური გზაა ამის გაკეთებისთვის. ამიტომ მოვუწოდებთ მთავრობას - ეს ნაბიჯი გადადგას. ის ნაბიჯები, რომლებსაც ახლა მთავრობა დგამს - ცემა-ტყეპა, დაშინება, მიუღებელია და არავისთვის კარგ შედეგს არ გამოიღებს. ქართველი ხალხის ნებას, თავისუფლების სიყვარულს ვერავინ გადატეხავს. სტალინმა და თემურ ლენგმა ვერ გადატეხეს და ახლაც არ გადატყდება, უბრალოდ ამ გადატეხაში მთელმა საზოგადოებამ შეიძლება ძალიან ცუდ შედეგს მივაღწიოთ. ჩვენი მოწოდებაა, რომ ეს გადავიდეს მშვიდობიანი მოლაპარაკების რელსებზე, მით უმეტეს ამის მაგალითი ჩვენ წინა მთავრობის დროს გვქონდა, როდესაც მსგავსი კრიზისის შემთხვევაში, წინა მთავრობამ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო, რამაც მაშინ მდგომარეობა განმუხტა და ამ მთავრობისთვის ეს ძალიან დიდი გამოწვევაა დღეს. მით უმეტეს თუ მიიჩნევენ, რომ მხარდაჭერა აქვთ და გარკვეული მხარდაჭერა აქვთ კიდევაც, ჩვენი აზრით, ამ კონფლიქტის გადაჭრის ადვილი გზა ახალი არჩევნების დანიშვნაა.

უნდა შევეხო ასევე დაკავებულების საკითხს, იმ ახალგაზრდებს - კონსერვატორიის სტუდენტებს, ვირტუოზ პიანისტებს, დარწმუნებული ვარ მოსამართლეს არ სჯერა, რომ ისინი დამნაშავეები არიან, როგორ უნდა გადაგვცდეს ეს საცივი საახალწლოდ, როდესაც ვიცით, რომ მარკეტინგის ექსპერტები თუ ჩვენი ქვეყნის მომავალი ციხეში ზის“, - განაცხადა რუსლან ხოროშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები