მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამ მასშტაბის პროექტებს ყოველთვის მოჰყვება ტურიზმის და სერვისების ბიზნესის განვითარება"

5bd461478706b
თელარა გელანტია
27.10.18 16:58
1019
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, „სულ უფრო იზრდება მაღალი კლასის სასსტუმროებზე მოთხოვნა, რაც იმის მანიშნებელია, რომ საქართველო წინ მიდის“.

ამის შესახებ ბახტაძემ წინანდლის ისტორიულ მამულში საქართველოსა და რეგიონში პირველი „რადისონ ქოლექშენ“-ის ბრენდის სასტუმროს გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.
პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა „სილქროუ ჯგუფს“.

„ჩვენი მთავრობა მიესალმება და იდეურად უდგას მხარში ასეთ წამოწყებებს, რადგან კარგად გვესმის მსგავსი პროექტების დანიშნულება. ამ მასშტაბის პროექტებს ყოველთვის მოჰყვება თანმდევი პროცესი - ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, კერძო ინვესტიციების მოზიდვა, ტურიზმის და სერვისების ბიზნესის განვითარება, რაც ქვეყნის წინსვლის უმნიშვნელოვანესი პორობაა. მინდა გითხრათ, რომ სულ უფრო იზრდება ასეთი კლასის სასტუმროებზე მოთხოვნა, რაც იმის მანიშნებელია, რომ საქართველო წინ მიდის, ვითარდება და ჩვენი ქვეყანა სრულიად უნიკალურ როლს იძენს ჩვენს გეოგრაფიულ არეალში“, - განაცხადა პრემიერმა.

ახლადაშენებული ”რადისონ ქოლექშენი“ მაღალი კლასის სასტუმროა, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ხარისხის მომსახურებით.

ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ბაღის მიმდებარედ, ეკოლოგიურ გარემოში განთავსებული 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო 142 ნომერს, საკონფერენციო და საზეიმო ღონისძიებათა დარბაზებს, ბიბლიოთეკას, ღია და დახურულ რესტორნებს, სპა-ცენტრს, აუზსა და ფიტნეს-კლუბს აერთიანებს.

„განახლებულ წინანდლის კომპლექსში ძველი და თანამედროვე არქიტექტურული სტილის შერწყმა ცნობილი გერმანელი ინდუსტრიული დიზაინერის, ინგო მაურერის დამსახურებაა. პროექტზე ცნობილი ქართველი მოქანდაკე და მხატვარი თამარ კვესიტაძე მუშაობდა. „რადისონ ქოლექშენის“ არქიტექტურული კონცეფცია ეკუთვნის ამერიკელ არქიტექტორს ჯონ ფოტიადისს, ხოლო ინტერიერის დიზაინზე იმუშავეს ესპანელმა დიზაინერებმა ქრისტინა გაბასმა და დამიან ფიგუერასმა.

1200-ადგილიანი ამფითეატრი, 600-ადგილიანი დახურული საკონცერტო დარბაზი, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ღვინის ქარხანა, აღდგენილი ვენახები და განახლებული ისტორიული კომპლექსი როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვის, უნიკალურ გარემოს ქმნის.

წინანდლის მამული 1690 წლიდან ჭავჭავაძეების ოჯახის საკუთრება იყო. ამ ისტორიული კომპლექსის რეაბილიტაცია „სილქ როუდ ჯგუფმა“ 2007 წლიდან დაიწყო მისი ისტორიული მნიშვნელობის გათვალისწინებით. წინანდლის პროექტის მიზანია კომპლექსის საერთაშორისო მნიშვნელობის საგანმანათლებლო, კულტურულ და ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბება.

წინანდლის ისტორიულ კომპლექსში საერთო ინვესტიცია დაახლოებით 60 მილიონ დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები