მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ამ რეფორმას ხარჯების მასშტაბური ზრდის პოტენციალი არ აქვს" - მინისტრი უცხოელების მუშაობის შეზღუდვაზე

მიხეილ სარჯველაძე

"ოცნების" მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები ბიზნესისთვის ხარჯების რადიკალურ ზრდას არ გამოიწვევს. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს რეფორმასთან დაკავშირებით დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ბიზნესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე ნებისმიერ უცხოელს „შრომითი საქმიანობის უფლება“ ესაჭიროება. ამ უფლების გაცემაზე პასუხისმგებელი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოა. თუმცა, მთავრობამ კვოტირების მექანიზმი გამოიყენა და რამდენიმე პოპულარულ საქმიანობაზე ნულოვანი კვოტა დააწესა. მათ შორისაა, საკურიერო მომსახურება, ტაქსით მგზავრთა გადაყვანა და ტურისტული გიდის მომსახურება. მათთვის, ვინც უკვე მუშაობს საქართველოში, დაწესდა გარდამავალი პერიოდი: თვითდასაქმებულები (კურიერები/მძღოლები): აღსრულების მექანიზმი მათზე 2026 წლის 1 მაისიდან გავრცელდება. რეგისტრირებული იმიგრანტები: მათ, ვინც უკვე ბაზაშია, სტატუსის მოსაწესრიგებლად ვადა 2027 წლის 1 იანვრამდე მიეცათ.

“შესაძლოა, შექმნას ზეწოლა საოპერაციო ხარჯებზე” - BOLT-ი უცხოელი ტაქსის მძღოლების დასაქმების აკრძალვაზე

"ვფიქრობ, რომ [ბიზნესისთვის ხარჯების] რაიმე მასშტაბური ზრდის გამოწვევის პოტენციალი ამ რეფორმას ნამდვილად არ გააჩნია. მაგრამ რაც უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ეს გახლავთ, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია ის, რისთვისაც ჩაფიქრებულია ეს რეფორმა, რომ მაქსიმალურად დასტიმულირდეს ადგილობრივი კადრების დასაქმება. მე მგონია, რომ [ხარჯის] რაიმე რადიკალური ზრდა მოსალოდნელი არ იქნება",- განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე რეფორმაში რაიმე ცვლილების საჭიროება გამოკვეთილი არაა.

"მნიშვნელოვანი, ლეგიტიმური ამოცანაა, რაც შეიძლება მეტად იყოს სტიმულირებული ადგილობრივი კადრები, რომ მათი დასაქმებისთვის უკეთესი პერსპექტივები იქმნებოდეს. მეორეს მხრივ, კარგად გვესმის, რომ ამან არ უნდა დააზიანოს, რაღაცა გაუმართლებელი შეზღუდვის ფორმა არ უნდა მიიღოს ბიზნესისთვის, რისთვისაც, რა თქმა უნდა, ეს დაგეგმილი რეფორმა არის აბსოლუტურად მომზადებული. რასაკვირველია, რომ პროცესს დავაკვირდებით და სწორედ ამ შეთანხმებული გზით გავაგრძელებთ კომუნიკაციას ბიზნესთან და, შესაბამისად, რეფორმის ამგვარად წარმართვას.

ამ ეტაპზე რაიმე ცვლილებების საჭიროება, ნამდვილად გამოკვეთილი არ ყოფილა. ვფიქრობ, რომ ბევრ საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც შეიძლება ზუსტი პასუხი არ ჰქონდა ბიზნესს, მიიღეს პასუხები. არის საკითხები, რომლისთვისაც დავტოვეთ შესაძლებლობა, რომ ვიმსჯელოთ, მაგალითად ეს უკავშირდება ვადის გახანგრძლივების საჭიროებას, თუკი, მაგალითად, 2027 წლის 1-ელ იანვრამდე ვინმეს მოკლე ვადით გადავადების საჭიროება აქვს. საკმაოდ მრავლად იყო წარმოდგენილი გამონაკლისებში, ასე ვთქვათ, მოხვედრის სურვილი, ასე უფრო მეტად ვიტყოდი და ინიციატივა ცალკეული სფეროების მიმართულებით, სადაც დარგში, მაგალითად, პროფესიული დეფიციტები შეიძლება შეინიშნებოდეს. თუმცა ავხსენით ისიც, რომ დარგების ასე ბლანკეტურად გამოყოფა ალბათ გამართლებული არ იქნება და ალბათ უფრო დავიწროებული კონკრეტული კრიტერიუმები დასჭირდება იმის შეფასებას თუ რა პოზიციაზე კი და რა პოზიციაზე არა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ერთსა და იმავე დიდ სექტორში მივიღოთ არაერთგვაროვანი რეგულირებები. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ მუშაობა და თანამშრომლობა არის ერთადერთი სწორი ფორმა ამ შემთხვევაში რეფორმის სწორედ წარმართვისთვის და ვფიქრობთ, რომ ამ თვალსაზრისით, ერთმნიშვნელოვნად ნაყოფიერი შეხვედრა იყო, ჩვენთვისაც, ბიზნესისთვისაც და ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად გაგრძელდება", - აცხადებს მინისტრი.

ამასთან, ის ირწმუნება, რომ რეფორმას წინ ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია უძღოდა.

"იგივე ფორმით ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ იყო ძალიან აქტიური კონსულტაციები და კომუნიკაცია, არაერთ ბიზნეს ასოციაციასთან, არაერთ ბიზნეს სექტორთან, სწორედ ამგვარად წარიმართა მუშაობა და მე ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ნორმატიული ბაზა, ეს რეფორმა არის ის რეფორმა, რომელსაც ნამდვილად არ დაჰკლებია ბიზნესთან კონსულტაცია და კომუნიკაცია. სხვა საკითხია, რომ შეიძლება რომელიმე კონკრეტულ ბიზნესს შეიძლება უფრო ემარტივებოდეს ამ რეგულაციების არარსებობის პირობებში მუშაობა, თუმცა, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ამ შემთხვევაში აბსოლუტურად ერთმანეთთან თანხვედრაში მოყვანადი ინტერესი არის, ერთის მხრივ ბიზნესის თავისუფლად კეთება და მეორეს მხრივ ადგილობრივი კადრების დასაქმების სტიმულირება", - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

BMG-ის კითხვაზე, რამდენად არის ადგილობრივი რესურსი იგივე კურიერების მიმართულებით, მინისტრი განმარტავს, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება ქართველი კადრებით თავისუფლად შეიძლება.

"მთელი ამ სისტემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ კარგად იტესტებოდეს, არის თუ არა ადგილობრივ ბაზარზე მოძიებადი კონკრეტული მუშა ხელი. და თუ ბაზარს აკლია, დეფიციტურია, ვერ პოულობს ბიზნესი ასეთ კადრს, მხოლოდ ამ შემთხვევაში მეორე არჩევანი გააკეთოს უცხოელის დასაქმებაზე, პირველი არჩევანი იყოს ქართველი მშრომელი ადამიანი. არის რამდენიმე სფერო, სადაც იმთავითვე ცნობილია, რომ არ არის დეფიციტური, თუმცა რეალურად სჭირდება დაცვა ადგილობრივ კადრებს. ასეთი არის, მაგალითად, გიდების დასაქმება. მე მგონია, რომ საქართველოში საქართველოს ისტორიაც, მისი ღირსშესანიშნაობებიც, კულტურაც, შესანიშნავად იციან ქართველებმა.

კურიერებზეც შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის იმ კატეგორიის შრომა, რომელზეც თავისუფლად შეიძლება ადგილობრივი შრომითი რესურსებით მთელი მოთხოვნილების დაკმაყოფილება", - განაცხადა სარჯველაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები