მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ საკითხს პოლიტიკას არ დავუკავშირებდი - ზურაბ პოლოლიკაშვილი აშშ-სთან პირდაპირ ფრენებზე

UNWTO

მე ამ საკითხს პოლიტიკურ ნაწილს არ დავუკავშირებდი, - ასე უპასუხა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა bm.ge-ის მიერ აშშ-ში პირდაპირი ფრენების დაწყების შემაფერხებელ ფაქტორებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

„მე ამ საკითხს პოლიტიკურ ნაწილს არ დავუკავშირებდი, ვინაიდან ახლავე შემიძლია დაგისახელოთ 10-15 ჩვენზე უფრო დიდი ქვეყანა, რომელსაც არ აქვს პირდაპირი ფრენები ვაშინგტონთან, ნიუ-იორკთან ან თუნდაც ლონდონის მიმართულებითაც კი“, - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა და აღნიშნა, რომ EasyJet-ისა და British Airways-ის მიერ საქართველოში ფრენების დაწყების გადაწყვეტილება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, ვინაიდან „ლონდონი მხოლოდ ლონდონში ფრენა არ არის“.

„ლონდონიდან პირდაპირ იხსნება გზა სამხრეთ და ლათინური ამერიკის ქვეყნებისკენ. ეს სამი მიმართულება მხოლოდ დასაწყისია. სამით იწყება და მერე ეს ხდება 100 და 150 სხვადასხვა მიმართულება. შესაბამისად, ეს არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი უცხოელი ტურისტების მოზიდვის მხრივ. EasyJet-ის შემოსვლა ნიშნავს კიდევ სხვა ლოუკოსტერების შემოსვლას საქართველოში. როგორც აღვნიშნე, დღეს სამი მიმართულებაა და ხვალ იქნება უფრო მეტი“, - განმარტა მან.

შეგახსენებთ, 18 სექტემბერს დაანონსდა, რომ 2025 წლის 30 მარტიდან საქართველოს ავიაბაზარზე British Airways შემოდის. ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში 4 სიხშირით, ჰითროუს აეროპორტიდან შესრულდება. EasyJet-ი პირველ ავიარეისს ჟენევიდან თბილისის მიმართულებით 2025 წლის 31 მარტს შეასრულებს. ამ მიმართულებაზე ავიაკომპანია კვირაში ორი სიხშირით იფრენს. 1 აპრილიდან კი პირდაპირი ფრენები ლონდონისა და მილანის მიმართულებით დაიწყება.

რაც შეეხება აშშ-სთან პირდაპირი ფრენებს, უკვე წლებია ამაზე საუბარია, თუმცა პროცესი წინ ვერ მიიწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები