მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ამ საკითხს სებ-ი ვერ გადაწყვეტს - ეს დაკავშირებულია საინვესტიციო პოლიტიკასთან"

5c2767e8c0f34
თელარა გელანტია
29.12.18 16:59
1298
კომერციული ბანკებისთვის არაპროფილური ბიზნესების ფლობის აკრძალვის შემდეგ, ისმის მოსაზრებები იმის თაობაზეც, რომ ბანკების მსხვილ აქციონერებსაც აეკრძალოთ არასაფინანსო ბიზნესების ფლობა. რამდენად არის ამ საკითხის გადაწყვეტა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეროგატივა და რა რისკები შეიძლება ახლდეს ამ ყველაფერს; „ანალიტიკა“ ქვეყნის მთავარ ბანკირს კობა გვენეტაძეს ესაუბრა.

- ბატონო კობა, პერიოდულად, განსაკუთრებით პარლამენტში ისმის მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ კომერციული ბანკების მსხვილ აქციონერებს არაპროფილური ბიზნესების ფლობაც უნდა აეკრძალოთ. როგორია სებ-ის პოზიცია ამ საკითხზე?

- საკითხი, რომელზეც ვსაუბრობთ, გარკვეულწილად ისევ უბრუნდება ბანკების მიერ ე.წ. არაპროფილური აქტივების ფლობას; მოგეხსენებათ, არაპროფილური აქტივების ბანკებისგან გამოყოფა ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, შემდეგ 2015 წელს ეროვნული ბანკის მითითებით მოხდა ეს გაყოფა და 2017 წელს იმ ცვლილებებით, რაც 2018 წელს ძალაში შევიდა, მას უკვე კანონის ძალა მიეცა; როდესაც ეროვნულ ბანკზეა საუბარი, როგორც საფინანსო სექტორის მარეგულირებელზე, ჩვენ ამ საკითხს ვუყურებთ, როგორც ინტერესთა კონფლიქტის საკითხს და გვაქვს აბსოლუტურად გამართული რეგულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ საფინანსო სექტორის წარმომადგენლებმა არ მისცენ უფრო შეღავათიანი პირობებით რომელიმე მომსახურება ან კიდევ სესხი მათთან დაკავშირებულ პირებს; ეს ძალიან მკაცრად კონტროლდება, ეს მოწონებულია ამავე დროს იმ ორგანიზაციების მიერ, რომლებმაც იციან ეს რას ნიშნავს; ასე რომ, ამ მიმართულებით, ნამდვილად ვარეგულირებთ სიტუაციას; მე აღვნიშნე პარლამენტში ყოფნისას, რომ არ მიგვიღია რაიმე ინფორმაცია, რომ ბანკებმა ვიღაცა უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენეს, რომ შემდეგ მოკვლევა ჩაგვეტარებინა და საკითხი შეგვესწავლა, მაგრამ საბოლოოდ, საკითხი მაინც დადის აქამდე - იმ შემთხვევაში, თუ აქციონერებს აქვთ ბანკი და ამავე დროს აქვთ სხვა ბიზნესები, უნდა გაკეთდეს თუ არა ამის შეზღუდვა. პირველ რიგში, როდესაც ვსაუბრობთ სხვა ბიზნესებზე, უნდა აღინიშნოს, რომ მათაც სჭირდებათ დაფინანსება, რესურსები და თუ მაგალთად, ბანკების მეწილეები არ განახორციელებენ ინვესტიციებს, ნიშნავს იმას, რომ ეს რესურსები სხვაგან იქნება დაბანდებული, თუნდაც სხვა ქვეყნებში, რადგან არ დაგვავიწყდეს, რომ ბევრ შემთხვევაში, ქართულ საბანკო სექტორში მეწილეები, მფლობელები უცხოელები არიან. ამდენად, ეს არაა ის საკითხი, რომელიც შეიძლება ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტოს ცალსახად. ვერ გადავწყვეტთ ელემენტარულად, რადგან ეს არის დაკავშირებული საინვესტიციო პოლიტიკასთან ქვეყანაში - ის თუ როგორი საინვესტიციო პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს.

- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სებ-მა ისრაელის მაგალითი შეისწავლა ამ კუთხით...

- ეროვნული ბანკის 2016 წლის წლიურ ანგარიშში, ჩვენ გავაკეთეთ ჩანართი, სადაც ბევრი მაგალითი განვიხილეთ და იქ ერთ-ერთი იყო ისრაელის მაგალითი, სადაც მსგავსი სიტუაცია ჰქონდათ, მაგრამ იქ უფრო ეკონომიკაში იყო მაღალი კონცენტრაცია და ეს იყო უფრო მნიშვნელოვანი; რაც ისრაელში გაკეთდა იყო ის, რომ ეკონომიკის სტრუქტურის ანალიზი მოხდა ანუ როგორი ეკონომიკა ჰქონდა ქვეყანას და როგორი იყო მფლობელობა ამ ბიზნესების და ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება. იქ ცალკე კომიტეტიც შეიქმნა ამასთან დაკავშირებით; აქედან გამომდინარე, საქმე არის მისული იმ წერტილამდე, როდესაც ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება ეროვნული ბანკის მიერ ვერაფრით მოხდება; ჩვენ, რა თქმა უნდა, როცა ვსწავლობდით ამ სიტუაციას, გვქონდა განხილვები საერთაშორისო პარტნიორებთან და მათი მიდგომა იმ ანალიზის საფუძველზე იყო ასეთი, რომ რადგანაც ის რეგულაციები, რომელიც საბანკო და საფინანსო რეგულაციების მხარეს გაქვთ, აბსოლუტურად პასუხობს იმ თანამედროვე მოთხოვნებს, რომელიც არსებობს დღეს საბანკო სექტორში, თუ რეალურ სექტორში პრობლემებია კონკურენციასთან დაკავშირებით, ეს უნდა მოგავრდეს რეალურ სექტორში და ეს უნდა მოგვარდეს არა - კომერციული ბანკების მხრიდან, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ფინანსური სექტორის დაზიანება.

- ანუ ასე ვთქვათ, კონკურენციის სააგენტომ უნდა იდარდოს?...

- ვფიქრობ, ამ საკითხებზე განხილვები იქნება, მაგრამ ჩვენი პოზიცია მოგახსენეთ. ეს ვერ იქნება ეროვნული ბანკის მიერ გადასაწყვეტი თემა...

- საქართველოს მთავრობასთან თუ გქონიათ განხილვები, საუბარი ამ საკითხზე?.. როგორია მათი პოზიცია?

- ვფიქრობ, თავად აღმასრულებელ ხელისუფლებას უნდა ჰკითხოთ, თუ რა პოზიცია აქვთ... ჩვენი მხრიდან რაც შეიძლება ვთქვა, არის ის, რომ ალბათ ყველაზე კარგი გამოსავალია, გაკეთდეს ანალიზი ზოგადად იმ ეკონომიკური სტრუქტურის და რეალური სექტორის, რაც არის და უკვე აქედან გამომდინარე მოხდეს გადაწყვეტილების მიღება იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანას სჭირდება რესურსები, სჭირდება ინვესტიციები და საჭიროა ანალიზი, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები