მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ სიტუაციაში, აზრი არ აქვს ჯანდაცვის მინისტრობას - აკაკი ზოიძე

61c8ad90dc3e6
თელარა გელანტია
26.12.21 22:00
1519
ჯანდაცვის სპეციალისტ აკაკი ზოიძის აზრით, ჯანდაცვის ახალი მინისტრი უნდა იყოს ადამიანი, ვისც შეუძლია ძალიან კარგად შეაფასოს, რას ნიშნავს, ერთი მხრივ, ეკონომიკური, მეორე მხრივ, სოციალური და მესამე მხრივ, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შედეგები, რომელიც დღეს გვაქვს.

„დღეს არაა საკმარისი მინისტრად მხოლოდ სანდო ადამიანი, რომელიც იცი, რომ ფულს არ მოიპარავს“, - თქვა აკაკი ზოიძემ #ForbesHealth-ში და იქვე დასძინა, რომ სამწუხაროდ, დღეს იმის გამო, რომ არა მხოლოდ მთავრობაში, არამედ საზოგადოებაში პანდემიით დაღლილობაა, ასეთი ტიპის მინისტრი ვერ იქნება მოთხოვნადი.



„არავის უნდა ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად შეგვახსენებს, რამდენი ადამიანი გვეღუპება, რომელთა სახელები და გვარებიც არ ვიცით. როგორც ერთ-ერთმა ელჩმა თქვა, დღიურად ორი ავტობუსი ადამიანი იღუპება, მაგრამ ემოციურად ყველა ჩვენგანი ინდიფერენტული გახდა. მათი სახელებიც არ ვიცით... რაღაც ისეთი სიტუაციაა, რომ თუ covid-ით დაიღუპა, თითქოს გამამართლებელია, რომ ემოციური რეაქცია არ გვქონდეს. ამ სიტუაციაში კი მომავალს სკეპტიკურად ვუყურებ.

გარდატეხას ვერ შევძლებთ, მაგრამ შეგვიძლია რამდენიმე ნაბიჯი გადავდგათ, რაც იქნება სტიმული ვაქცინაციისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე იქნება ჯანდაცვის იმ მინისტრის პასუხისმგებლობა, რომელიც ახალი წლის მერე დაინიშნება ამ თანამდებობაზე... პირველი რასაც მოვთხოვდი ასეთ მინისტრს, იქნებოდა უნარი, რომ საკუთარ გუნდში დაბეჯითებით შეძლოს დაარწმუნოს ის ადამიანები, რომელთაც წარმოდგენა აქვთ, რომ თუ ასეთ ზომებს მიიღებენ, ეს ან ეკონომიკას დააქცევს, ან პოლიტიკურად იქნება წამგებიანი, იმდენად დაკარგავს „ოცნება“ უმრავლესობას“, - თქვა აკაკი ზოიძემ.

#ForbesHealth-ის მოდერატორის, ჟურნალისტ ელენე კვანჭილაშვილის კითხვას - „დათანხმდებოდით, ამ ვითარებაში ჯანდაცვის მინისტრობას“, ჯანდაცვის სპეციალისტმა მოკლე პასუხი გასცა: „არა. არ დავთანხმდები, რომც შემომთავაზონ. ეს უბრალოდ, გამოიწვევდა კონფლიქტს. მე რა პოზიციაც მაქვს თუნდაც პანდემიის მართვასთან მიმართებით, არ მგონია, რომ მთავრობის დანარჩენმა წევრებმა გაიზიარონ. ამდენად, ამ სიტუაციაში, აზრი არ აქვს ჯანდაცვის მინისტრობას“.

ცნობისთვის: ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტი წლის ბოლომდე უნდა დატოვოს. ამ დრომდე უცნობია, ვინ გახდება ახალი მინისტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები