მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ამ წუთში გაჩერებული ვართ... სიტუაცია ჩიხშია" - რას ელოდება პანკისში "ხადორი-3" ჰესის ინვესტორი

5cf7b2ccdd58e
ელენე გოგბერაშვილი
05.06.19 16:16
1405
პანკისის ხეობაში „ხადორი-3“ ჰესის მშენებლობის გაგრძელების საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

ინვესტორი კომპანია „ფერის“ გენერალური დირექტორის ლაშა იორდანიშვილის განცხადებით, ელოდებიან ერთიან, ჩამოყალიბებულ პოზიციას, რომელიც მთავრობასთან ერთად უნდა შეთანხმდეს.

იორდანიშვილის თქმით, მისმა კომპანიამ ყველა რესურსი ამოწურა, წელიწადნახევრის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს ადგილობრივ მოსახლეობასთან, რისი ვალდებულებაც კანონით ინვესტორს არ ჰქონდა.

„ველოდები საერთო გადაწყვეტილებას, სახელმწიფოს მხრიდან. მოსახლეობასთან კომუნიკაცია არ დამიკლია, მე ვარ ქართველი ინვესტორი, რომელსაც წელიწადნახევრის განმავლობაში არ დამიტოვებია არცერთი კითხვა პასუხგაუცემელი. მე რომ უცხოელი ინვესტორი ვიყო, ვინ უნდა მითხრას, რომ ჩაატარე ამდენი შეხვედრაო... კანონით, რაც მევალება ერთადერთია ის, რომ ჩავატარო საჯარო განხილვა და მიღებული შენიშვნები გავითვალისწინო; თუ ვიღაცას რამე არ მოსწონს, მაშინ კანონში უნდა ჩაიწეროს, რომ მე უნდა ჩავატარო რეფერენდუმი ან არჩევნები, აწყობს თუ არა მოსახლეობას ამ ჰესის მშენებლობა. გავცდი ამ ზღვარს და წელიწადნახევარი ვიმუშავე მოსახლეობასთან. ამის მეტი რესურსი მე არ მაქვს“, -აცხადებს ლაშა იორდანიშვილი.

ინვესტორი კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პანკისის მოსახლეობის პროტესტი ორი არასამთავრობო ორგანიზაციის, „მწვანე ალტერნატივის“ და “EMC”-ის პროვოცირებულია, რომლებიც იქ მაცხოვრებლებს ეუბნებიან, რომ უნდათ მათი ამოწყვეტა და შევიწროება.

„ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ არანაირი პრობლემა ამ პროექტს არ მოაქვს. ვერ ნახავთ „მოწინააღმდეგე“ მხარეს, რომელიც ამას აპროტესტებს, რომელიც იტყვის ერთ რეალურ მიზეზს მაინც, რატომ აპროტესტებს იქ ჰესის მშენებლობას. მაპროვოცირებელია არასამთავრობოების განცხადებები. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს არის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც თუკი რომელიმე სადგური საქართველოში აშენებულა, ყველაზე ნაკლებად ზემოქმედებს გარემოზე, საზოგადოებაზე, რომელსაც არ გააჩნია სათავე ნაგებობა, არ ტბორავს არცერთ კვადრატულ მეტრს, არ ეხება კერძო ნაკვეთს, არ იჭრება ფაქტობრივად, არცერთი ხე“, - აცხადებს იორდანიშვილი.

მისი თქმით, სიტუაცია ჩიხშია, თუმცა აქვთ მოლოდინი, რომ შეთანხმება შედგება და ინვესტორი ვალდებულებების შესრულებას შეძლებს.

„იმედი მაქვს, მოსახლეობის კეთილგონიერების და იმედია, მიხვდებიან, რომ შეცდომაში იყვნენ შეყვანილები. თუ ამაში კიდევ რამე რესუსრის გამოყოფა დამჭირდება, ბოლომდე დავიხარჯები. მე მაქვს აღებული ვალდებულებები, რომ ამ ჰესს აუცილებლად დავამთავრებ. საბანკო გარანტიები მაქვს ამისთვის წარდგენილი, მემორანდუმებია გაფორმებული და მთავრობასთან ვალდებულებაა, რომ ამ პროექტს დავამთავრებთ. არის ჩიხური სიტუაცია, აქედან გამოსვლა ჩვენი კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან რთულია. სახელმწიფო უწყებები ჩართულია პროცესში - ეკონომიკის სამინისტროს თამადობით და იმედია, რამე გადაწყვეტილებამდე მივალთ. ალბათ მოსახლებასთან იქნება მორიგი შეხვედრა არამარტო ჩემი მხრიდან, არამედ სახელმწიფოს მხრიდან, რომ ამ პროექტზე გადაწყვეტილებამდე მივიდეთ“, -აცხადებს ლაშა იორდანიშვილი.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 21 აპრილს პანკისის ხეობაში ჰესის „ხადორი 3“-ის მშენებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობასა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირება მოხდა. შედეგად, ჯამში, სამედიცინო დახმარება გაეწია 55 ადამიანს, მათ შორის - 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს.

მაშინ ანკისის ხეობაში მინისტრთა კაბინეტის წევრები - შს მინისტრი გიორგი გახარია, ინფრასტრუქტურის მინისტრი და ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი, ასევე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინსიტრი ლევან დავითაშვილი ჩავიდნენ.

პანკისის ხეობის მოსახლეობასთან და უხუცესებთან შეხვედრის შემდეგ, შს მინისტრმა განაცხადა, რომ ხადორი-3-ის მშენებლობა მაშინ განახლდება, როცა ადგილობრივების 90% პროექტს მხარს დაუჭერს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები