საცალო და ელექტრონული კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი თამარ გოგოლაშვილი ვარაუდობს, რომ 2026 წლის ბოლომდე ამანათების რაოდენობა - 30 მილიონს, ხოლო ღირებულება 3 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” განაცხადა, სადაც საცალო და ელექტრონული კომერციის ბიზნესის სახელით სახელმწიფოსგან თანაბარი და სამართლიანი საკონკურენციო პირობების შექმნა მოითხოვა.
“3 მილიარდი ლარი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის (დაახლოებით, 35 მილიარდი ლარი) თითქმის 10%-ია”, - ხაზი გაუსვა თამარ გოგოლაშვილმა საფოსტო გზავნილების გამოწერის მასშტაბს.
საცალო და ელექტრონული კომერციის ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ საერთაშორისო ონლაინ სავაჭრო პლატფორმების (Temu, Shein, Alibaba, Pinduoduo) საქმიანობამ საქართველოში ორგანიზებული იმპორტის სახე მიიღო, ამიტომ საჭიროა, ონლაინ პლატფორმებმაც სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადები გადაიხადონ. ასევე, დარგობრივი ასოციაცია განბაჟების 300-ლარიანი ლიმიტის გაუქმებასაც განიხილავს.
“TEMU არ არის უბრალოდ ონლაინ ვაჭრობა; მისმა გამოწერებმა და მუშაობის სტილმა დიდი ხანია, ორგანიზებული იმპორტის სახე მიიღო. შესაბამისად, ის უნდა ჩაჯდეს სხვა იმპორტიორებთან თანაბარ საგადასახადო ვალდებულებაში… ამასთან, TEMU ხასიათდება საკმაოდ აგრესიული მარკეტინგით - განსაკუთრებით ყურადსაღებია ე.წ. „რულეტკის“ ტიპის რეკლამა, რაც რეალურად სათამაშო ბიზნესის ტიპის რეკლამაა და კანონით აკრძალულია ქვეყანაში“, - აცხადებს თამარ გოგოლაშვილი.
ცნობისთვის: 2025 წლის მონაცემებით, საქართველომ 2 მილიარდი ლარის ღირებულების 20 მილიონი ამანათი გამოიწერა. აქედან 874 მილიონი ლარის ღირებულების 13.6 მილიონზე მეტი ამანათი პირდაპირ ჩინეთიდან შემოვიდა. რაც შეეხება 300-ლარიან განბაჟების ლიმიტს, 2025 წელს 300 ლარზე ნაკლები ღირებულების იყო 19.3 მილიონი ერთეული ამანათი, რაც ჯამური გზავნილების 97%-ია — ამ ამანათების ღირებულება კი 1.2 მილიარდ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა 582,364 ამანათი, რომელთა საერთო ფასიც 849 მილიონი ლარი იყო, ანუ ერთი გზავნილის საშუალო ფასი ამ სეგმენტში 1 455 ლარს შეადგენდა, ხოლო დაუბეგრავი, ანუ 300 ლარამდე ღირებულების ამანათების სეგმენტში გზავნილის საშუალო ფასი 62 ლარი იყო.




























