სტიქიის ზონაში ვითარება ამ დრომდე კრიტიკულია - წყლის დონემ ბუნებრივად იკლო, თუმცა მომდინარე მასა კვლავ სავარგულებზე გადის და პრობლემა ამოწურული არ არის. როგორც BMG-სთან მეღვინეობა „მესტვირენის“ დამფუძნებელი ბექა მესტვირიშვილი აცხადებს, ადგილზე მობილიზებული ტექნიკა არასაკმარისია და სამუშაოები ორგანიზების გარეშე მიმდინარეობს. მისი თქმით, ადგილზე მობილიზებული ტრაქტორისტები საწვავის არქონაზე ჩიოდნენ.
„გასაგებია, რომ ბევრ სხვადასხვა ადგილას გაჩნდა პრობლემა და მესმის, რომ ხალხის რესურსი არ ჰყოფნით. თუმცა, ხომ შეიძლებოდა, რომ მინიუმუმ, ერთ პროფესიონალს შემოევლო და შეეფასებინა - რა საჭიროებებია ადგილზე, როგორ უნდა ჩადგეს უკან კალაპოტში ეს მდინარე.
უბრალოდ, ადგილზე შეაფასებინეს ადამიანებს და ვიღაცამ თქვა, რომ საჭიროა რაღაც JCB ტრაქტორი და გამოგზავნეს JCB ტრაქტორი. ეს ტრაქტორი მესამე დღეა მოვიდა, მაგრამ ვერ უმკლავდება სიტუაციას და წყალი ისევ აგრძელებს დინებას. ტექნიკა გამოგვიგზავნეს და არც მიმართულება მისცეს, არც მოამარაგეს - აქ რომ ჩამოვიდა ტრაქტორისტი, გვეუბნება - დიზელი ჯერ არ მოუციათ და ვინ ჩამისხამსო. ისეთ რაღაცებს ვისმენთ ადგილზე, რომ არავის და არაფრის იმედი არ გვაქვს“ - ამბობს ბექა მესტვირიშვილი BMG-სთან.
მისივე თქმით, კატასტროფა „თელავის ხევის“ გაჭედვამ გამოიწვია - ხევი, წლების განმავლობაში დაგროვილი ნარჩენებისა და ნატანის გამო ამოივსო. მოსულმა დიდმა ნალექმა გაუწმენდავი კალაპოტი ვეღარ გაიარა, რის გამოც, წყალმა მარჯვნივ გადაინაცვლა და ხელოვნური მდინარე შექმნა, რომელიც პირდაპირ ვენახებსა და ბაღებში შევარდა.
„ამას ჰქვია უპატრონო ქვეყანა. ყველას გვესმის რომ სხვადასხვა ზომისა და მასშტაბის ტრაგედიები ხდება, მაგრამ ხომ შეიძლება, ეს საფრთხეები მინიმუმ, წინასწარ შეფასდეს.
ეგ ხევი რომ ყოფილიყო გაწმენდილი, რომ არ ყოფილიყო ის მდგომარეობა რაც იმ ხევში იყო წლების განმავლობაში, ჰქონდა რესურსი, რომ ის დაგროვებული მასა გაეტარებინა“ - ამბობს მესტვირიშვილი.
მისივე ცნობით, მეღვინეობა „მესტვირენი“ თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურდღელაურის მიმდებარედ 25 ჰექტარ ფართობზე მდებარეობს, სადაც ვენახები, ხეხილის ბაღები, მარანი და მცირე ზომის სასტუმროა განთავსებული. გეოგრაფიული მდებარეობისა და ამაღლებული რელიეფის გამო, კომპლექსის შენობები და მარანი დატბორვას გადაურჩა, თუმცა წყალმა ტერიტორიაზე დაახლოებით, 100 მეტრის სიღრმეზე შეაღწია და თხილის ბაღები სრულად დატბორა.
კიდევ უფრო მძიმეა მდგომარეობა მეზობელ ფერმერებთან, რომელთა ვენახები, ატმისა და კაკლის ბაღები სრულად წყალში მოექცა. ბექა მესტვირიშვილის თქმით, ზარალი დიდია, თუმცა მისი ზუსტი დათვლა ჯერჯერობით, შეუძლებელია, რადგან წყალი ამ დრომდე ბაღებში დგას.
მისივე ცნობით, „მესტვირენს“ წელს აგროდაზღვევა არ ჰქონია. დამფუძნებელი განმარტავს, რომ დიდი ფართობის გამო, დაზღვევა სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული, რისი საშუალებაც, წელს, მეურნეობას არ ჰქონდა.
„ზარალის შეფასებაზე ახლა ვერაფერს ვიტყვი. გულწრფელად რომ გითხრათ, არ მჯერა, რომ ვინმე აქ მოვა, ზარალს დაითვლის ან ადამიანების დახმარებას შეეცდება,“ - ამბობს ფერმერი.
სტიქია თელავში 12 ივნისს დაიწყო. ძლიერი წვიმის შედეგად, თელავის ხევი კალაპოტიდან გადმოვიდა და ქალაქის რამდენიმე ქუჩა დატბორა. მნიშვნელოვნად დაზიანდა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა, დაიტბორა საცხოვრებელი სახლებისა და შენობების პირველი სართულები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, დაიტბორა და დაზიანდა თელავის მიმდებარედ არსებული ვენახებისა და ხეხილის ბაღების ნაწილი. ზარალის ზუსტი ოდენობა, ჯერჯერობით, უცნობია.




























