Amazon-ის საბაზრო ღირებულებამ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. აგვისტოს დასაწყისში იმავე შედეგს მიაღწია Apple-მაც, შესაბამისად, ამაზონი მეორე ამერიკული კომპანიაა, რომლის ღირებულება ცამეტნიშნა რიცხვით იწერება.
CNN Money-ის ინფორმაციით, ის ფაქტი, რომ 24 წლის წინ დაარსებულმა კომპანიამ მსგავს შედეგს მიაღწია, ინვესტორებისთვის დამატებითი სანდოობის გარანტიაა.გამოცემის ცნობითვე, Amazon-ის ფინანსური წარმატება კომპანიის გრძელვადიანი პოლიტიკის შედეგია: წლების განმავლობაში ამაზონი თავის მოგებას ისევ ინვესტიციის სახით კომპანიის ზრდასა და გაფართოებაში დებდა. მხოლოდ გასულ წელს მიიღო მან სრული მოგება.
ჯერ კიდევ 2018 წლის დასაწყისში Amazon-ის ღირებულება 580 მილიარდი დოლარი იყო. მას შემდეგ 2018 წლის მეორე მეოთხედში კომპანიის წმინდა მოგებამ 2,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, განსხვავებით 2017 წლის იმავე მონაცემისგან, რომელიც 197 მილიონი დოლარი იყო.
ექსპერტების თქმით, აღნიშნულ წარმატებაში Apple-სა და Amazon-ს ისიც დაეხმარა, რომ 2018 წელი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ტექნოლოგიური ინდუსტრიისათვის. მათივე განცხადებით, ტრილიონი დოლარის ღირებულების მომლოდინეთა რიგში 861 მილიარდი დოლარად შეფასებული Microsoft და 852-მილიარდიანი Alphabet არიან.

























