მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Amazon-ი 14 000 თანამშრომელს დაითხოვს  - Reuters

Amazon
სტატიაში საუბარია:

Amazon-ი არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ შემცირებას აცხადებს. Reuters-ის ინფორმაციით, პროცესი დღეს, სამშაბათს დაიწყება და ჯამურად 14,000 თანამშრომლის გათავისუფლებით დასრულდება. როგორც გამოცემა სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, Amazon-ს იმ კადრების გათავისუფლება აქვს დაგეგმილი, რომლებიც პანდემიის პერიოდში, გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აიყვანა.

აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებით Amazon-ი კორპორაციული მიმართულებით დასაქმებულთა 5%-ს ათავისუფლებს, სადაც ამჟამად ჯამურად 350,000 ადამიანი მუშაობს. ცნობისთვის, ბოლოს კომპანიამ მსგავსი შემცირების ტალღა 2022 წელს გამოაცხადა, როცა სამსახურიდან ერთბაშად 27,000 დასაქმებული გაათავისუფლა.

Reuters-ის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ინფორმაციას Amazon-ი დღეს გამოეხმაურა და ცნობა დაადასტურა. ჯეფ ბეზოსის კომპანიის მიერ შემცირებების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურებას ინვესტორები დადებითად შეხვდნენ. კომპანიის აქციების ფასი დღის განმავლობაში 1.23%-ით გაიზარდა. რაც განპირობებულია იმით, რომ თანამშრომლების გათავისუფლებით Amazon-ი ხარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ინფორმაციისთვის, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ჯეფ ბეზოსის კომპანიამ შემცირება რამდენიმე დეპარტამენტში გამოაცხადა. მათ შორის, მოწყობილობების, კომუნიკაციების და პოდკასტების მიმართულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები