არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი ბანკების, მათ შორის First Abu Dhabi Bank-ის, Emirates NBD-ისა და Abu Dhabi Commercial Bank-ის მობილური აპლიკაციები და ციფრული პლატფორმები ამ დრომდე მწყობრიდანაა გამოსული.
შეფერხება Amazon Web Services-ის მიერ ფინანსური ინსტიტუტებისთვის ღრუბლოვანი სერვისების მიწოდების შეწყვეტამ გამოიწვია. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც გაურკვეველი წარმოშობის ობიექტები ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე მონაცემთა ცენტრს მოხვდა და ხანძარი გამოიწვია. მომხდარი პირდაპირ კავშირშია რეგიონში ირანის მხრიდან დრონებითა და რაკეტებით განხორციელებულ თავდასხმებთან, რამაც ყურის ქვეყნების ფინანსურ ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა.
კონფლიქტის ესკალაციამ რეგიონულ ბაზრებზე პანიკა უკვე გამოიწვია: საამიროებსა და ქუვეითში საფონდო ბირჟებზე ვაჭრობა შეჩერდა, ხოლო საუდის არაბეთისა და კატარის მსხვილი ბანკების აქციების ფასი მკვეთრად დაეცა. ნავთობის ფასი ბაზრის გახსნისთანავე 13%-ით გაიზარდა, რადგან გაჩნდა საფრთხე ჰორმუზის სრუტის სრულად ჩაკეტვის შესახებ. შეგახსენებთ, საუბარია გლობალური ნავთობის ვაჭრობის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ მონაკვეთზე, სადაც აღნიშნული ენერგორესურსების 20% გადის. Fitch Ratings-ის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ყურის ქვეყნების ბანკებს მყარი კაპიტალი და ლიკვიდურობის ბუფერები აქვთ, გახანგრძლივებული კონფლიქტი რეგიონულ ეკონომიკებზე მძიმე ზეწოლას მოახდენს.
ირანის მიერ განხორციელებული იერიშები, რომლებიც აშშ-ისა და ისრაელის მიერ აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის საპასუხო ნაბიჯებად მიიჩნევა, 1990 წლის შემდეგ რეგიონში უსაფრთხოების ყველაზე მწვავე კრიზისის გაგრძელებაა. საერთაშორისო ბანკებმა, მათ შორის Standard Chartered-მა და HSBC-მ, თანამშრომლებს უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ და არააუცილებელი მოგზაურობების გადადებისკენ მოუწოდეს. არსებული ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად საამიროებსა და ქუვეითში ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო დიდი ბრიტანეთი რეგიონში მყოფი 200,000-მდე მოქალაქის ევაკუაციისთვის სპეცოპერაციებს გეგმავს.




























