Amazon-ის ხელოვნური ინტელექტის ასისტენტი Alexa, რომელიც უკვე ათწლეულზე მეტია მის მოწყობილობებშია ინტეგრირებული, ვებბრაუზერიდანაც ხელმიწავდომი გახდა.
Amazon-ის ცნობით, Alexa+-ზე (პრემიუმ გენერაციული AI სერვისი, რომელიც კომპანიამ გასულ თებერვალს ჩაუშვა) ადრეული წვდომის მქონე მომხმარებლებს ჩატბოტთან ინტერაქცია უკვე ვებგვერდზე, Alexa.com-ის ანგარიშთან დაკავშირებით შეუძლიათ.
ახალი ინტერფეისი Amazon-ის AI სერვისებს ინდუსტრიის ლიდერების - OpenAI-ს, Google-ისა და Anthropic-ის - შეთავაზებებს უთანაბრებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ გენერაციული AI-ის ეპოქაში, ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის განახლების მოთხოვნით, კომპანია აქციონერების მხრიდან მზარდი ზეწოლის ქვეშ იყო.
აქამდე Alexa+ მხოლოდ აშშ-სა და კანადაში, Amazon-ის ზოგიერთ ახალ მოწყობილობასა და Alexa+-ის მობილურ აპლიკაციაში იყო ხელმისაწვდომი.
"ადამიანები ხედავენ წარმოუდგენელ ღირებულებას იმაში, თუ როგორ ეხმარება AI მათ ყოველდღიურობის ყველა ასპექტში. იმისთვის, რომ Alexa+ ნამდვილ პირად ასისტენტად იქცეს, ის ყველგან უნდა იყოს ხელმისაწვდომი - სახლში, ტელეფონსა და ახლა უკვე ვებშიც", - ნათქვამია კომპანიის ბლოგპოსტში.
Alexa+ მოიცავს ე.წ. აგენტურ AI გამოცდილებას (agentic AI), რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დაჯავშნონ მოგზაურობა და რესტორნები, შეადგინონ კვების ყოველკვირეული გეგმა და მართონ "ჭკვიანი სახლის" მოწყობილობები. AI ასისტენტი ხელმისაწვდომია სხვადასხვა პლატფორმასა და Amazon Echo-ს მოწყობილობებზე, ის ასევე ინახავს ყველა წინა მიმოწერას, პრეფერენციებსა და პერსონალიზებულ პარამეტრებს.
კომპანიის განცხადებით, ფასიანი სერვისით სარგებლობა Prime-ის მომხმარებლებისთვის უფასო იქნება.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალ სერვისზე წვდომა უკვე "ათობით მილიონ" ადამიანს აქვს, უახლოეს მომავალში კი ფუნქციის გავრცელება უფრო ფართო აუდიტორიაზე იგეგმება.




























