ამაზონის ჯუნგლებში 2023 წლის ყველაზე მწვავე გვალვაა. მდინარეებში წყლის დონე იმდენადაა შემცირებული, რომ სოფლებს შორის მიმოსვლა გართულებულია, მომრავლებულია ტყის ხანძრები, რომლებსაც ენდემური ფლორა-ფაუნა ეწირება - ამის შესახებ BBC წერს.
მდინარე კანატიკუ, რომლის სიღრმეც წვიმიან თვეებში რამდენიმე მეტრს აღწევს, ადგილობრივი მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მთავარი წყაროა. როგორც წესი, ზაფხულის თვეებში კანატიკუში წყლის დონე ეცემა, მაგრამ ადგილობრივების ყოველდღიური საჭიროებისთვის მაინც საკმარისი რესურსია. დღეის მონაცემებით მდინარე კანატიკუს ძირითადი ნაწილი დამშრალია, რაც როგორც მწვავე გვალვის, ასევე ამ არეალში გავრცელებული ბაქტერიების შედეგია.
ადგილობრივი მოსახლეობა ერთხმად თანხმდება, რომ მსგავსად მწვავე პრობლემა ამაზონის ჯუნგლებში ამ დრომდე არასდროს ყოფილა. მშრალი კლიმატი კრიზისულ სიტუაციებს ამაზონის მიმდებარედ არსებულ დასახლებებშიც აჩენს. ასობით ათასი ადამიანი ამაზონის მდინარეებზეა დამოკიდებული როგორც საკვებისთვის, ისე ტრანსპორტირებისა და შემოსავლებისთვის.
მდინარეებში წყლის დონის ისტორიულ მინიმუმამდე დაცემა ადგილობრივ მოსახლეობას ცხოვრების სტილის შეცვლისა და მიგრაციისკენ უბიძგებს. ისინი ფიქრობენ, რომ კლიმატის ცვლილება საფრთხეს უქმნის მათი საკვების მთავარ წყაროს - თევზჭერას და გადარჩენისთვის ბრძოლას კიდევ უფრო ართულებს.
ადგილობრივი მოსახლეობა სასმელი წყლის დისტრიბუციის სისტემის მოწყობას ითხოვს - ინფრასტრუქტურის განვითარება მათ საშუალებას მისცემთ, სიცოცხლისთვის აუცილებელი რესურსისათვის მხოლოდ ჭებზე არ იყვნენ დამოკიდებული.