ამაზონის ტროპიკულ ტყეში გაუტყეურების ნიშნულები ხუთწლიან მინიმუმამდეა. როგორც ბრაზილიის კოსმოსის კვლევის ეროვნული ინსტიტუტი იტყობინება, ქვეყანას 2030 წლამდე დეფორესტიზაციის შეჩერების მიზნისკენ მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს.
ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის ივლისამდე ამაზონის ტყის, დაახლოებით, 5600 კვადრატული კილომეტრი გაიჩეხა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22.3%-იანი კლებაა. აღსანიშნავია ისიც, რომ გაუტყეურების მაჩვენებლის შემცირებამ ბრაზილიის სათბურის აირების ემისიები, საშუალოდ, 7.5%-ით შეამცირა.
ბრაზილიის გარემოს მინისტრის, მარინა სილვას განცხადებით, ქვეყანა აქტიურ პოლიტიკას ატარებს დეფორესტიზაციასთან საბრძოლველად და მათი მიღწევები ხაზს უსვამს, რომ გლობალური გაუტყეურების პრობლემის გადაჭრა სხვადასხვა ქვეყნის ინდივიდუალური ძალისხმევით შესაძლებელია.
მსოფლიომ 2022 წელს ტყის საფარის 4 მილიონ ჰექტარზე მეტი დაკარგა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 10%-ით მეტია. მსოფლიოს რესურსების ინსტიტუტის ყოველწლიური კვლევის თანახმად, ამ დანაკარგის 40%-ზე სწორედ ბრაზილია იყო პასუხისმგებელი.