აგვისტოს თვეში ბრაზილიაში, ამაზონის გაუტყეურება 66.11%-ით შემცირდა და 2018 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს მიაღწია - ამის შესახებ ბრაზილიის გარემოს დაცვის მინისტრმა ისაუბრა და დასძინა, რომ ტყის მასების გაჩეხის შემთხვევები წელიწადის ამ დროს, როგორც წესი, უფრო იზრდება.
ბრაზილიური კოსმოსური სააგენტო INPE-ს სატელიტური მონაცემების მიხედვით, გასულ თვეს ამაზონის ტყეში 563 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაიჩეხა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 66.1%-ითაა შემცირებული. რაც შეეხება წლის განმავლობაში დეფორესტიზაციის მაჩვენებლებს, 2023 წლის 8 თვის განმავლობაში ის, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 48%-ით შემცირდა.
ბრაზილიის პრეზიდენტმა, რომელმაც 2030 წლამდე გაუტყეურების პრობლემის აღმოფხვრის პირობა დადო, მიღწევა სოციალური ქსელების საშუალებით აღნიშნა და განაცხადა, რომ შედეგი გარემოს დაცვის მინისტრისა და ფედერალური მთავრობის მუშაობის დამსახურებაა.
ამზონის ტყის დეფორესტიზაცია მრავალი სახეობის ცხოველისა და მიკროორგანიზმების ჰაბიტატზე ახდენს გავლენას, ისევე როგორც ადგილობრივ მოსახლეობასა და მათ ჯანმრთელობაზე. გაუტყეურება ხანძრების, ნახშიროჟანგის ემისიების, წყალდიდობისა და მდინარეების დაბინძურების გამომწვევი მიზეზიცაა.