ბათუმში ხელოვნური კუნძულისა და ორი ნახევარკუნულის პროექტის რეალიზების შემდეგ, რომელსაც კომპანია ამბასადორი აილენდ ბათუმი ახორციელებს, ბიუჯეტში დამატებით 64 მლნ დოლარის აკუმულირება მოხდება. გოჩა კამკიას თქმით, სამომავლოდ ამბასადორი აილენდ ბათუმის პროექტში განხორციელებული ბიზნესები მთლიანობაში რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს დაასაქმებს.
„საერთაშორისო ეკონომისტების კვლევების თანახმად, მას შემდეგ რაც ამბასადორი აილენდ ბათუმის პროექტი დასრულდება და ჩვენ ამას ვგეგმავთ დაახლოებით ორ წელიწადში, მხოლოდ გადასახადების წლიური აკუმლირება 64 მლნ აშშ დოლარი იქნება. ამავე კვლევის თანახმად, კუნძულზე განვითარებული ბიზნესი მომავალში დაახლოებით 20 ათასამდე მოქალაქეს დაასაქმებს, რაც არის წარმოუდგენლად შთამბეჭდავი მაჩვენებლები დასაქმების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე ჩვენ ძალიან ბედნიერი ვართ, რომ გრძელვადიანად, მდგრადად და მიზნობრივად ვანვითარებთ ამ პროექტს და ყოველდღიურად გვაქვს ფაქტობრივად ახალი რეალობები პოზიტიური თვალსაზრისით“, - აღნიშნა გოჩა კამკიამ.

კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პროექტით დაინტერესება და კუნძულსა და ნახევარკუნძულებზე ბიზნესების განვითარების კუთხით ინვესტორების ინტერესი მაღალია.
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” იძლევა ულევ შესაძლებლობებს, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რათა ერთ დღეში იყოს მიღებული ბიზნეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოში დაიწყონ ბიზნესი, იმიტომ, რომ კუნძულზე არის მზა ეკონომიკური შესაძლებლობები. ჩვენ გვაქვს მყარი პოზიციონერება როგორც დუბაიში, აგრეთვე უკვე პოლონეთის რესპუბლიკაში, სადაც გვაქვს მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან დიალოგი. მათ აქვთ გამოხატული ინტერესი საქართველოში ინვესტიციებთან დაკავშირებით, რაც არის ძალიან სასიამოვნო და იმ მოლოდინების გამართლება, რომელიც ჩვენ გვქონდა პროექტის დასაწყისში“, - განმარტავს „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გენერალური დირექტორი.
კუნძულის პროექტს ამბასადორი ჯგუფი სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს. “ამბასადორი აილენდ ბათუმი”, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის 84 ჰექტარზე, ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად, მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება. პროექტს, როგორც ტურისტული, ასევე რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანიშნულება გააჩნია, რაც ბათუმსა და ზოგადად საქართველოს, მსოფლიოს ახალ საინვესტიციო რუკაზე მოახვედრებს.




























