„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ კერძო ავიაციის პილოტთა საერთაშორისო ექსპედიციას უმასპინძლებს
02.09.26 15:58
• 9
2-3 სექტემბერს „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ საერთაშორისო საავიაციო ექსპედიციის ფარგლებში, ბათუმში ჩამოსულ 50 პილოტს უმასპინძლებს. ექსპედიციის მონაწილეები საქართველოში კერძო საჰაერო ხომალდებით ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და აშშ-დან ჩამოფრინდებიან. მათ შორის არიან პილოტები საფრანგეთიდან, ჩეხეთიდან, ბულგარეთიდან, პორტუგალიიდან, ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ლუქსემბურგიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან, და დიდი ბრიტანეთიდან.
ბათუმში ვიზიტის ფარგლებში, პილოტები „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტს ადგილზე გაეცნობიან - დაათვალიერებენ კუნძულის მასშტაბს, გაეცნობიან უკვე განხორციელებულ სამუშაოებსა და მიმდინარე სამშენებლო პროგრესს, ასევე მიიღებენ ინფორმაციას პროექტის განვითარების ხედვისა და სამომავლო გეგმების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პროექტში გათვალისწინებულ საავიაციო ინფრასტრუქტურას, მათ შორის ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, რომლის განვითარებაც მომავალში კუნძულზე კერძო ავიაციის ფრენების მიღების შესაძლებლობას შექმნის. პროექტის უნიკალური მიმართულებაა ადგილობრივ კურორტებს, საქართველოს სხვა რეგიონებსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის საჰაერო მარშრუტებით კავშირის განვითარება.
კერძო ავიაციის პილოტთა ექსპედიცია საქართველოში 2026“ 29 აგვისტოდან 12 სექტემბრამდე, მარშრუტით ლუქსემბურგი – საქართველო – ლუქსემბურგი, განხორციელდება. ექსპედიცია მოიცავს 4 000-ზე მეტ საზღვაო მილს და მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია საქართველოს, მათ შორის ბათუმისა და აჭარის, როგორც კერძო და ზოგადი ავიაციისთვის მიმზიდველი, ხელმისაწვდომი და საინტერესო საფრენი და ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია. ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ უშუალოდ გაეცნონ ბათუმისა და აჭარის ინფრასტრუქტურულ, ტურისტულ და საავიაციო პოტენციალს.
აღნიშნული საერთაშორისო საავიაციო ქსელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით 17 000 წევრს აერთიანებს, რაც ბათუმისა და აჭარის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდის, ახალი საავიაციო მარშრუტების პოპულარიზაციისა და რეგიონის კერძო ავიაციის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობის მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის.
ექსპედიციაში მონაწილეობს 26 საჰაერო ხომალდი - 20 ევროპული და 6 თურქული ეკიპაჟი, რომლებიც ფრენებს ULM კატეგორიის ულტრამსუბუქი და ზოგადი ავიაციის (GA) ტიპის თვითმფრინავებით ასრულებენ. ინიციატივას კოორდინაციას უწევს ლუქსემბურგში საქართველოს საპატიო კონსული პიტერ სოდერმანსი, ხოლო მხარდამჭერები არიან ლუქსემბურგის თვითმფრინავების მფლობელთა და პილოტთა ასოციაცია (AOPA Luxembourg), თურქეთის თვითმფრინავების მფლობელთა და პილოტთა ასოციაცია (AOPA Türkiye) და ლუქსემბურგში საქართველოს საპატიო საკონსულო.
ზბათუმში ვიზიტის შემდეგ ექსპედიციის მონაწილეები კახეთში გაემგზავრებიან, სადაც გაიმართება Ambassadori Aviation Village-ის ოფიციალური გახსნა. ახალი საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარება და ექსპედიციის ორგანიზება მიზნად ისახავს საქართველოში კერძო ავიაციისა და საავიაციო ტურიზმის განვითარებას, ახალი საჰაერო მარშრუტების პოპულარიზაციას და ქვეყნის, მათ შორის აჭარისა და კახეთის, საერთაშორისო ზოგადი ავიაციის რუკაზე საინტერესო და ხელმისაწვდომ მიმართულებებად პოზიციონირებას.