„ამბასადორი აილენდ ბათუმსა“ და დუბაის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ დეველოპერულ კომპანია HOLM Developments-ს შორის საინვესტიციო შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ და HOLM Developments-ის გენერალურმა დირექტორმა, სერგეი ავაიანმა. გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, HOLM Developments ამბასადორის კუნძულის ტერიტორიაზე 140 000 კვ.მ ფართობზე უმაღლესი სტანდარტების შესაბამის მულტიფუნქციურ კომპლექსს განავითარებს. არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან დეველოპერული კომპანიის შემოსვლა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ მიერ შექმნილი ინსტიტუციური მზაობისა და უსაფრთხო საინვესტიციო გარემოს პირდაპირი შედეგია. პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებულმა ინტეგრირებულმა საინვესტიციო პაკეტებმა საერთაშორისო ინვესტორებს ბაზარზე ეფექტური, გამჭვირვალე და დაცული ინვესტიციების სრული გარანტიები შეუქმნა. ამით ამბასადორის კუნძულმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პროექტი წარმოადგენს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მძლავრ საერთაშორისო ეკონომიკურ ჰაბს.დაგეგმილი მულტიფუნქციური კომპლექსის ოფიციალური წარდგენა 28 აგვისტოს გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან ბიზნესსექტორის ლიდერები, ასევე დუბაიდან სპეციალურად მოწვეული საერთაშორისო მედიისა და საზოგადოებრივი სფეროს წარმომადგენლები. მოწვეული სტუმრები ადგილზე გაეცნობიან პროექტის მასშტაბს და საკუთარ გლობალურ აუდიტორიას გაუზიარებენ ინფორმაციას „ამბასადორი აილენდის“, ბათუმისა და საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ.






























