„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ პირველ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა. ფორუმი საერთაშორისო ბიზნესქსელ BNI-სთან თანამშრომლობით გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად პოლონური კომპანიებისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტორები მონაწილეობდნენ.
ფორუმზე „ამბასადორი აილენდი“ ქართულ გლობალურ ინიციატივად წარადგინეს. მიმდინარე საინვესტიციო სიახლეები მონაწილეებს კუნძულის ინვესტორებმა, Holme Developments-მა (არაბთა გაერთიანებული საამიროები) და Origami Holding-მა (საქართველო) გააცნეს. პრეზენტაციები გამართეს პოლონური კომპანიების წარმომადგენლებმაც. აღნიშნული კომპანიები ავიაციის, ინვესტიციების, მარკეტინგის, საბროკერო საქმიანობის, მშენებლობისა და სხვა სფეროებში ოპერირებენ. მათ შორის იყვნენ LOT Polish Airlines, Polska Grupa Lotnicza, F-Trust iWealth, PWS AluSystem, POiD, GEM Technology, Radmir, 4Results, Manufaktura Dubiński, Götz Group, MOSiR Radom, CI OD Nieruchomości და Trustark Human Solutions.
ორგანიზატორების ინფორმაციით, „ამბასადორი აილენდზე“ ამჟამად 10 საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორი 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციას ახორციელებს. მათი შეფასებით, მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებები ხელს შეუწყობს კუნძულზე საინვესტიციო გარემოს გამჭვირვალობის, სანდოობისა და დაცულობის გაუმჯობესებას.
BNI-სთან თანამშრომლობა 2026 წლის სექტემბერში დაიწყო, როდესაც „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ ვარშავაში BNI Poland-ის ქსელს შეუერთდა. BNI მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში 355 000-ზე მეტ ბიზნესლიდერს აერთიანებს, პოლონეთში კი მისი ქსელი დაახლოებით 2 500 კომპანიას მოიცავს. თანამშრომლობის მიზანია ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე საერთაშორისო და ადგილობრივ ინვესტორებს შორის პირდაპირი კავშირების დამყარება, ერთობლივი საწარმოების შექმნა და ბიზნესაქტივობის მხარდაჭერა.

„ჩვენი საერთაშორისო პოზიციონირების სტრატეგია ითვალისწინებს, რომ „ამბასადორი აილენდი” არამხოლოდ საცხოვრებელი და დასასვენებელი სივრცე გახდეს, არამედ ისეთი ადგილი, სადაც რეგულარულად გაიმართება ეკონომიკური ფორუმები და მიიღება გრძელვადიანი ბიზნეს გადაწყვეტილებები“, - განაცხადა „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „ამბასადორი აილენდს" ფორუმის ორგანიზებისთვის, რომელიც თავის მხრივ, გამორჩეულ ღონისძიებას წარმოადგენს და ქმნის სივრცეს, რათა გავაერთიანოთ ბიზნესის ძალები და ერთობლივად შევქმნათ ურთიერთგაგების ხიდები. ის რაც აქ ბიზნესისა და ინვესტიციების კუთხით ხდება, მართლაც გასაოცარია და გვაძლევს უდიდეს ინსპირაციას, რათა აქ ჩამოვიყვანოთ პოლონელი მეწარმეები, ვუჩვენოთ მათ განვითარების ის შესაძლებლობები, რაც ამ პროექტშია წარმოდგენილი და განვახორციელოთ ინვესტიციები.” - განაცხადა BNI-ს ელჩმა, რობერტ დებიცკიმ.
ფორუმის ფარგლებში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
ორგანიზატორების განმარტებით, მსგავსი ფორუმები კუნძულზე რეგულარულად გაიმართება, რაც ხელს შეუწყობს საქმიანი ტურიზმის განვითარებას მთელი წლის განმავლობაში.























