სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ ქ. ბათუმის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა გასცა. სამშენებლო ნებართვა მოიცავს შავი ზღვის სანაპიროზე ჯამურად 102 ჰექტარი მიწის ნაკვეთის და ნაპირდამცავი ჯებირების მოწყობას. გადაწყვეტილება დაეფუძნა 40-მდე საერთაშორისო და ადგილობრივ კვლევას, სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ მიერ დამტკიცებულ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშსა და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ საექსპერტო (მათ შორის უცხოეთიდან სპეციალურად მოწვეული ექსპერტების) დასკვნას პროექტის ჰიდრავლიკური ნაწილის კონსტრუქციულ მდგრადობაზე.
გადადგმულ ნაბიჯებსა და მომავლის გეგმებზე “ამბასადორი ბათუმი აილენდის” გენერალური დირექტორი, გოჩა კამკია აცხადებს, რომ ეს იქნება პროექტი, რომლითაც საქართველო იამაყებს.
„მას შემდეგ, რაც ამ იდეის ინსტიტუციონალიზაცია მოვახდინეთ სახელმწიფო ორგანოებთან, გაფორმდა შესაბამისი საინვესტიციო წინადადება, ჩვენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოვიწვიეთ თანავარსკვლავები არქიტექტორების, ურბანისტების, ფინანსიტების, ანალიტიკოსების და გადაწყვეტილება მივიღეთ საქართველოში ჯერ არნახული პროექტის განხორციელების, რომელიც შემდეგში აუცილებლად გახდებოდა ერთ-ერთი გლობალური დამისამართება ჩვენი ქვეყნის. ამ მიზნით ჩვენ გვინდოდა, რომ პირველ რიგში გადაგველახა საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები, გამოწვევები და პირველ რიგში აქცენტი გავაკეთეთ კუნძულის მომწყობ არქიტექტორულ კომპანიაზე, რომელიც არის YUKSEL PROJE, ამ კომპანიას უკვე 60 ქვეყანაში აქვს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები, ხოლო შავ ზღვაში აქვს დაპროექტებული ორი საერთაშორისო აეროპორტი. ჩვენ ასევე ვართ ბედნიერები, რომ გვქონდა ურთიერთობა კომპანია „არუბთან“.
ეს არის კომპანია, რომელიც მთელ მსოფლიოში ქმნის თანამედროვე ქალაქების განვითარების ტრენდს და ითვალისწინებს ყველა იმ ელემენტს, რომელიც მომავლის ქალაქებისთვის უნდა იყოს დამახასიათებელი, რათა ამ გარემოში ადამიანმა თავი იგრძნოს კომფორტულად. დავსახეთ ამოცანა, თუ რამდენი ადამიანი შეიძლება დასახლდეს კუნძულზე, რა ფუნქციური დანიშნულების შეიძლება იყოს, რა მომავლის ტენდენციები შეიძლება იყოს მასში ჩადებული და საერთო ჯამში მიგვეღო პროდუქტი, რომელიც ფუნქციონირებდა დანარჩენ მსოფლიოში. პროექტი დაახლოებით 7 თვის განმავლობაში პროექტდებოდა. პარალელურად მიმდინარეობდა ზღვის მოდინების შესწავლები. პარალელურად, მიმდინარეობდა შესწავლა, როგორი ჯებირები უნდა გაკეთდეს, რომ ის იყოს ფარმონიაში ბუნებასთან. სამუშაოების დასრულების შემდეგ განხორციელდა თურქულ კომპანიაში მისი ფიზიკური მოდელირება, იქ მოხდა ტალღური დატვირთვები და კიდევ ერთხელ გადამოწმდა ყველაფერი”,- განაცხადა კამკიამ.
მისივე თქმით, ამის შემდეგ, კომპანიამ 9-თვიანი ადმინისტრაციული წარმოების შემდეგ მიიღო შეფასება გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით.
“ექსპერტიზა განახორციელა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ, სადაც ასევე უცხოელი ექსპერტები იყვნენ მოწვეული, რომ კიდევ ერთხელ მომხდარიყო პროექტის გადამოწმება, მისი მდგრადობის უზრუნველყოფა.
შემდეგ მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს ზედამხედველობის ინსპექციას და მივიღეთ ნებართვა. როცა მსგავს რამეს გეგმავ, მინიმუმ 5-6 წელი უნდა გქონდეს გათვლილი, რათა არ ჩამოვრჩე მოვლენებს. პირველ ეტაპზე, 12,5 ჰა-ზე მივიღეთ ნაპირსამაგრი სამუშაოს ნებართვა, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ პროექტმა წაიწიოს წინ. ამასთანავე, ერთია, როცა ახორციელებ პროექტირებას და მეორეა, როცა მის პრაქტიკულ დაკვირვებას ახორციელებ ზღვასთან მიმართებით. მივიღეთ მოცემულობა, რომ ნაპირსამაგრი, რომელიც დროებითი შენობა-ნაგებობაა, სრულ ჰარმონიაშია ზღვასთან და არანაირი პრობლემა არ ჰქონია ზღვასთან მიმართებით.
საბოლოოდ გეტყვით, რომ ეს არის პროექტი, რომლითაც საქართველო იამაყებს”, - თქვა კამკიამ და დასძინა, რომ კუნძულის 51% უკავია ტყე-პარკებს, სადაც იქნება სასეირნო ბილიკები, თანამედროვე იახტ-კლუბი და ა.შ.
“როცა ჩვენ ამ პროექტს ვგეგმავდით, გვინდოდა ყოფილიყო საზოგადოებრივი წვდომის. ყველა საჯარო სივრცე ადგილობრივი მოსახლეობისთვის იქნება თავისუფალი წვდომის”,- განაცხადა მან.
კამკიას თქმით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნა, სამედიცინო დაწესებულებების და ა.შ.