„ამბასადორი ჯგუფი“ კაჭრეთში საავიაციო სოფელს ხსნის. ეს იქნება რეგიონში უნიკალური კონცეფციის ლოკაცია, სადაც, კერძო ვილები თვითმფრინავებისთვის განკუთვნილი ინდივიდუალური ანგარებითა და ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე პირდაპირი წვდომით არის დაგეგმილი. კონცეფცია კერძო საცხოვრებელ სივრცესა და საავიაციო ინფრასტრუქტურას ერთიან გარემოში აერთიანებს. გახსნის ღონისძიებას ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნეს წრეების წარმომადგენლები, პროექტის პარტნიორები და 100-ზე მეტი უცხოელი სტუმარი დაესწრება, მათ შორის იქნება 50 პილოტი, რომელთაც 2-3 სექტემბერს „ამბასადორი აილენდ ბათუმი” საერთაშორისო საავიაციო ექსპედიციის ფარგლებში ბათუმში მასპინძლობს. სამომავლოდ საავიაციო ინფრასტრუქტურის მოწყობა კუნძულზეც იგეგმება. „კერძო ავიაციის პილოტთა ექსპედიცია საქართველოში 2026 წლის 29 აგვისტოდან 12 სექტემბრამდე, მარშრუტით ლუქსემბურგი – საქართველო – ლუქსემბურგი, ხორციელდება. ექსპედიციაში, რომელიც მოიცავს 4 000-ზე მეტ საზღვაო მილს, მონაწილეობს 26 საჰაერო ხომალდი - ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და აშშ-დან, მათ შორის ლუქსემბურგიდან, საფრანგეთიდან, ჩეხეთიდან, ბულგარეთიდან, პორტუგალიიდან, ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან. ინიციატივას კოორდინაციას უწევს ლუქსემბურგში საქართველოს საპატიო კონსული პიტერ სოდერმანსი, ხოლო მხარდამჭერები არიან ლუქსემბურგის თვითმფრინავების მფლობელთა და პილოტთა ასოციაცია (AOPA Luxembourg), თურქეთის თვითმფრინავების მფლობელთა და პილოტთა ასოციაცია (AOPA Türkiye) და ლუქსემბურგში საქართველოს საპატიო საკონსულო.






























