მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Amber Group გუდაურში სასტუმროს დროებით ხურავს

5fc617225f41c
ვიქტორია მღებრიშვილი
02.12.20 09:45
1010
Amber Group-ის მმართველობაში მყოფი სასტუმრო Gudauri Lodge-ის შეზღუდვების გამო დროებით იხურება. როგორც BM.GE-ისთან საუბრისას კომპანიის დირექტორი ეკატერინე დუჩიძე აცხადებს, დღემდე სასტუმრო საკარანტინე სივრცედ იყო გადაკეთებული, თუმცა კარანტინების მიმართ მოთხოვნის კლების და სასტუმროს დატვირთვის შემცირების პარალელურად, მათთვის ამ პროგრამით ოპერირება ხელსაყრელი აღარ არის.

„საკარანტინე სასტუმროების დატვირთულობა ძალიან შემცირდა, შესაბამისად, გვიწევს სასტუმრო დავხუროთ. კარანტინის დასრულების შემდეგ 16 თანამშრომლის გაშვება გვიწევს, რის გამოც კომპანია მათზე კომპენსაციებს გასცემს. დახურული სასტუმროს მოვლა-პატრონობისთვის კი, სასტუმროში მუშაობას 20-მდე ადამიანი განაგრძობს“, - აღნიშნა ეკტერინე დუჩიძემ.

კითხვას - რატომ არ გადაკეთდა სასტუმრო კოვიდ-მიმღებად, როგორც ეს მთის კურორტებზე შეზღუდვების დაწესების დროს გაცხადდა, Amber Group-ის დამფუძნებელი ასე პასუხობს:

„კოვიდ-სასტუმროების პროგრამაში ჩართვა ერთი თვის წინ შემოგვთავაზეს. ჩამოვიდნენ, თანამშრომლები დაატრენინგეს, თუმცა როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ამაზე მოთხოვნა მცხეთა მთიანეთის რეგიონში არ არის. ალბათ გუდაურში კოვიდ-სასტუმროდ გადაკეთება ლოჯისტიკურ სირთულეებთანაც იქნება დაკავშირებული, რადგან პაციენტის დამძიმების შემთხვევაში თბილისში ან თუნდაც მცხეთაში ტრანსპორტირება რთულია - კურორტი შორს არის და ზამთარში უხვთოვლიანობის შემთხვევაში შეიძლება ჩაიკეტოს. 30 ნოემბერს, ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე დაისვა, ასევე, ბაკურიანში კოვიდ-სასტუმროების პროგრამის ამოქმედების საკითხიც იმ პირობით, რომ იქ არსებული სასტუმროები სამცხე-ჯავახეთის რეგიონს მოემსახურებოდნენ, რაზეც ეკონომიკის მინისტრი დაჰპირდა, რომ ეს საკითხი ჯანდაცვის უწყებასთან კოორდინაციით გადაწყდებოდა. ბაკურიანში ძალიან ბევრი სასტუმრო მუშაობს საკარანტინე სივრცედ და მათაც შემცირებული აქვთ დატვირთვა“, - განმარტა Amber Group-ის დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები