მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამბობს თუ არა მთავრობა უარს რთველის სუბსიდირებაზე - რაში დაიხარჯება 20 მილიონი?

5d43e02c46c2f
სალომე მეცხვარიშვილი
02.08.19 11:00
781
მთავრობა რთველის მხარდასაჭერად წელსაც 20 მილიონს გამოყოფს. აღნიშნული თანხა დაიხარჯება როგორც კახეთის, ასევე რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში კერძო კომპანიების შესყიდვის შემდეგ ბაზარზე დარჩენილი ყურძნის შესყიდვისთის, გადამუშავებისთვის, დასაწყობებისა და შენახვისთვის. შესაბამისი პირდაპირი შესყიდვის თანხმობა "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ მმართველობაში მყოფ“ ს.ს „აკურას“ მთავრობამ უკვე მისცა.

“ღონისძიების მიზანი და სახელმწიფო ინტერესი არის მევენახეთა მხარდასაჭერად შესაბამისი ზომების გატარება, რადგან ბაზარზე სრულად იქნეს რეალიზებული ყურძნის მოსავალი.

ღონისძიების ჩატარებისათვის განკუთვნილი პერიოდი იყოფა ორ ეტაპად. პირველი ეს არის რთველის პროცესი, რომელიც კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის ვენახების სხვადასხვა გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით გრძელდება თვენახევარი - ორი თვის განმავლობაში და მეორე არის ყურძნის გადამუშავების, მიღებული სითხეებისა და ყურძნის კონცენტრირებული წვენის შენახვის, ტრანსპორტირების მომსახურების, სპირტად გამოხდისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების ქირავნობის და საბანკო მომსახურების პროცესი”,- ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

საინტერესოა, რომ სახელმწიფო ტენდერების სისტემაში კიდევ ერთი მოთხოვნა იძებნება, სადაც რამდენიმე დღის წინ თავად "აკურას" იგივე შინაარსის ღონისძიებებისთვის 50 მილიონი ლარის პირდაპირ შესყიდვაზე აქვს მოთხოვნა გადაგზავნილი. თუმცა, ეს მოთხოვნა უკან არის გამოთხოვილი და საბოლოოდ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებულ კომპანიას 20 მილიონის ღირებულების პირდაპირ შესყიდვაზე აქვს თანხმობა მიცემული.

შარშან გაცხადდა, რომ მთავრობა ყურძნის მოსავალს საერთოდ არ დაასუბსიდირებდა. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 26 ივლისს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ “აკურას" მეშვეობით 40 მილიონი ლარის ღირებულების ყურძნის პირდაპირ შესყიდვას გეგმავდა.

ამის პარალელურად მთავრობის გაცხადებული გეგმაა, რომ რთველის სუბსიდირებიდან ეტაპობრივად გამოვიდეს. მაგალითად, 2017 წელს სახელმწიფომ საფერავის ჯიშის ყურძნის სუბსიდირებაზე უარი თქვა.

"აკურას" დაფინანსება 2016 წელს 35 მილიონი ლარი, 2017 წელს 40 მილიონი ლარი, 2018 წელს ჯერ 10 მილიონი იყო, რასაც კიდევ 30 მილიონი ლარი დაემატა. კომპანია შესყიდული ყურძნისგან სპირტს ხდის და მას ასაწყობებს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები