"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უცხოური ბანკი ყიდულობს სომხეთის სამი უმსხვილესი ბანკიდან ერთ-ერთს,"- BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა სომხეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ჰოვანეს ხაჩატრიანმა.
საუბარია AmeriaBank-ზე, რომლის გაყიდვის შესახებაც თანხმობა სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა 29 მარტს გასცა. ბანკის ახალი მფლობელი "საქართველოს ბანკის ჯგუფი" იქნება.
ტრანზაქციის შედეგად, "საქართველოს ბანკის ჯგუფი" AmeriaBank-ის 90%-იანი წილის მფლობელი გახდება, ხოლო ბანკის მინორიტარი აქციონერის პოზიციას შეინარჩუნებს EBRD-ი.
"2024 წლის 29 მარტს ჩვენ ნებართვა გავეცით საქართველოს ბანკის ჯგუფის მიერ (BOGG) "ამერიაბანკის" შესყიდვასთან დაკავშირებით. ბანკის 10% დარჩება EBRD-ის მფლობელობაში, თუმცა მისი წილი შესაძლებელია დროთა განმავლობაში გამოსყიდულ იქნეს ბანკის ახალი მფლობელის მხრიდან. ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას და სტრატეგიულ ინვესტორებს ფინანსების სფეროში. ჩვენ გვაქვს გამოცდილება სხვადასხვა უცხოური ბანკების სომხეთში შემოსვლასთან და გასვლასთან დაკავშირებით და საერთაშორისო ბანკების სომხეთში ყოფნა იყო საკმაოდ დადებითი ქვეყნის ფინანსური სექტორისთვის. ისეთების, როგორიცაა HSBC და "პროკრედიტბანკი". ასევე სხვა ბანკები მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებიდან. "საქართველოს ბანკის ჯგუფის" შემოსვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ამ მიმართულებით.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უცხოური ბანკი ყიდულობს სომხეთის სამი უმსხვილესი ბანკიდან ერთ-ერთს. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ეს იყო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიგვეცა ნებართვა ჩვენი მეზობელი, მეგობარი ქვეყნის ბანკს შემოსულიყო სომხეთის ბაზარზე. პირველ რიგში, "ამერიაბანკი" შეინარჩუნებს მის სახელსა და ბრენდს. ჩვენ დაველოდებით ამერიაბანკის განახლებულ სტრატეგიას და უფრო ფართოდ, ეს საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკურ ურთიერთობებში დიდი პლუსია,"- ამბობს ჰოვანეს ხაჩატრიანი.
"საქართველოს ბანკის" ჯგუფმა სომხეთის წამყვანი ბანკი 303,6 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. "ამერიაბანკი" კი ოპერირებას არსებულ მენეჯმენტთან ერთად გააგრძელებს, ამასთან, შეინარჩუნებს საკუთარ ბრენდსა და კორპორაციულ იდენტობას.
როგორც საქართველოს ბანკის ჯგუფში აცხადებენ, ტრანზაქცია BOGG PLC-ს აძლევს შესაძლებლობას, გაზარდოს მასშტაბები და გეოგრაფიული არეალი მეზობელ, სწრაფად მზარდ ეკონომიკაში შესვლის გზით. საქართველოს ბანკის ჯგუფის გამოცდილება კი "ამერიაბანკის" არსებულ, მაღალკვალიფიციურ მენეჯმენტის გუნდს დაეხმარება, ბანკის განვითარებისთვის დასახულ მიზნებს კიდევ უფრო სწრაფად მიაღწიოს.