ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა რუსული ნავთობგიგანტები, Rosneft-ი და Lukoil-ი, ასევე მათი შვილობილი ათობით კომპანია დაასანქცირა. როგორც გამოქვეყნებულ განცხადებაშია განმარტებული, გადაწყვეტილების მიზეზი აღნიშნული კომპანიების მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში რუსეთისთვის დახმარების გაწევაა. სანქციები მოიცავს ამერიკის ტერიტორიაზე არსებული მათი ყველა აქტივის გაყინვას, ასევე ნებისმიერი სახის ამერიკული ტრანზაციის შეზღუდვას ამ ნავთობგიგანტებსა თუ მათ შვილობილ კომპანიებში.
სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები 14024 აღმასრულებელი განკარგულების მიხედვით დააწესა, რაც მიზნად იმ ფინანსური ნაკადების შეჩერებას ისახავს, რომელიც რუსეთს უკრაინაში ომის გასაგრძელებლად ესაჭიროება.
"იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის პრეზიდენტს ამ უაზრო ომის დასრულება არ სურს, სახაზინო დეპარტამენტი ასანქცირებს იმ ორ ნავთობკომპანიას, რომლებიც კრემლის ომის მანქანას აფინანსებენ. მოვუწოდებთ მოკავშირეებს, შემოგვიერთდნენ და მათაც დააწესონ სანქციები". - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც სკოტ ბესენტის უწყებამ გამოაქვეყნა.
ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ ხაზინის პრიორიტეტი რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე ზეწოლის გაძლიერება მომავალშიც იქნება და თუ კრემლი საბრძოლო მოქმედებებს გააგრძელებს, სანქციები ბევრ სხვა კომპანიასაც შეეხება.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპს მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში რუსეთისთვის სანქციები აქამდე არ დაუწესებია. გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი NATO-ს გენერალურ მდივანთან საუბრისას თავად 47-ე პრეზიდენტმაც გააკეთა. მან მოკლედ განმარტა ნაბიჯის გადადგმის მიზეზი. "უბრალოდ ჩავთვალე, რომ ახლა ამ ნაბიჯის გადადგმა იყო საჭირო". - განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ Lukoil-ისა და Rosneft-ის დასანქცირება "პუტინს ისევ ადეკვატურს გახდის". თუმცა დაამატა, რომ რუსული ნავთობგიგანტებისთვის შეზღუდვების დაწესებამ "ზელენსკიც უფრო მეტად ადეკვატური უნდა გახადოს".
იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპი უკრაინისთვის Tomahawk-ების გადაცემას ამჟამად ეწინააღმდეგება, სავარაუდოდ, "ადეკვატურად გახდომაში" იგულისხმება მოლოდინი, რომ უკრაინის პრეზიდენტი სანქციების დაწესებას ტრამპის კეთილგანწყობის ნიშნად აღიქვამს და შორ მანძილზე მოქმედ იარაღს აღარ მოითხოვს.




























