„ჯანდაცვაში დაფინანსებული პროექტების 75% აშშ-დან მოდის“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა BMG-თან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მხოლოდ 2017 წლამდე მათ მიერ გამოყოფილი ბიუჯეტი 700$ მლნ-ს სცდებოდა. აღსანიშნავია, რომ ამ თანხაში არ შედის ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელიც შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტის მწარმოებელი კომპანია „გილეად"-ის დაფინანსებით 2015 წლიდან ხორციელდებოდა.
გამყრელიძე ფიქრობს, რომ ამერიკასთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე ჯანდაცვის სისტემას განვითარება მომავალშიც გაუჭირდება.
„ამერიკული დახმარება 1992 წლიდან დაიწყო. ეს გამოიხატებოდა ჰუმანიტარულ, ტექნიკურ, პროფესიულ და ფინანსურ მხარდაჭერაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა ვაქცინების გლობალური ალიანსი, რომელიც ხელს უწყობდა განვითარებად ქვეყნებში ვაქცინაციის გამართვას. სწორედ ამერიკელთა დახმარებითაა შექმნილი „გავი“ და მათი მეშვეობით საქართველომ 8 ახალი ვაქცინა დანერგა ჩვენს ეროვნულ კალენდარში. 1994-1997 წლებში ჩვენთან დიფთერიის ეპიდემია იყო, 300-მდე ადამიანი დაგვეღუპა. მაშინ ვაქცინაციის ჯაჭვი მოშლილი იყო, აშშ-ის, USAID-ის დახმარებით, UNICEF-მა შემოიტანა ვაქცინები, ხოლო იაპონია დაგვეხმარა მაცივრებითა და გენერატორით, იცით მაშინ ელექტროენერგიის პრობლემა იყო ჩვენთან. ავცერით 2 მილიონამდე ადამიანი, შევაჩერეთ ეპიდემია და 1996 წლისთვის თანდათან აღვადგინეთ იმუნიზაციის ჯაჭვი. მნიშვნელობა ჰქონდა სამეცნიერო თანამშრომლობას, განსაკუთრებით სამი ძირითადი მიმართულებით: ახლად წარმოშობილი ინფექციებისადმი მზადყოფნა, ტუბერკულოზი და შიდსი. ტარდებოდა კონფერენციები, აშშ-ში ათობით ადამიანმა გაიარა ხანმოკლე და ხანგრძლივვადიანი კლინიკური და სამეცნიერო სტაჟირებები.
ყველა პროექტს ცხადია ვერ ჩამოვთვლი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ლუგარის ცენტრის შექმნა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტიციაა ამერიკის მხრიდან.
22 ლაბორატორიაა ჯამში, საიდანაც 10 დაავადებათა კონტროლის ცენტრის ქვეშ, ხოლო 12 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეშაა. ეს ლაბორატორიები განსაკუთრებულ როლს თამაშობენ ინფექციური დაავადებების, მათ შორის განსაკუთრებით საშიში ინფექციების, ზოონოზური დაავადებების, დროული აღმოჩენისა და პრევენციის პროცესში. ამ სისტემის ინვესტიცია 2003 წლიდან 2022 წლამდე 350 მლნ დოლარი იყო", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, რომ არა ამერიკის დახმარება, საქართველო იმ პერიოდში ვერ შეძლებდა წამალ "სოფოსბუვირის" ყიდვას, რომელიც ცე ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოიყენებოდა.
"ცე ჰეპატიტის პროგრამა 2015 წელს დაიწყო საქართველოში, როდესაც მედიცინაში დიდი გარღვევა მოხდა და შეიქმნა წამალი "სოფოსბუვირი", ამან გადატრიალება მოახდინა მკურნალობაში და განკურნების ეფექტი 95%-ს ზემოთ ჰქონდა. $85 000 ღირდა ეს წამალი და მისი შეძენა წარმოუდგენელი იყო არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ბევრი ევროპელი ქვეყნისთვისაც.
დღევანდელი მონაცემებით გამოკვლეული გვყავს მოზრდილი მოსახლეობის 80% და ნამკურნალებია 87 ათასი ადამიანი, 99%-იანი ვირუსის განკურნების ეფექტით. ამან ათობით ათასი ადამიანი გადაარჩინა ქვეყანაში და მისი თანხებში გამოხატვა არაეთიკურია, რადგან პირველი 3 წელი ის ღირდა $85 000, შემდეგ ცხადია შემცირდა, ვინაიდან უკვე ბევრი გენერიკია და ახლა 3-თვიანი კურსის ღირებულება $300-მდეა ჩამოსული", - განმარტა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული მედიკამენტის მიღების შესახებ ხელშეკრულება მწარმოებელ კომპანია "გილიადსა" და საქართველოს მთავრობას შორის 2016 წელს გაფორმდა. როგორც გამყრელიძე ამბობს, ახლა გავრცელდა ინფორმაცია, რომ საშიშროებაა მისი შეწყვეტის, თუმცა როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, არ შეწყდება ხელშეკრულება, ვინაიდან ის ათი წლითაა გაფორმებული.
"წამალი მოდის როგორც გრანტი, როგორც საჩუქარი, დანარჩენ კვლევის კომპონენტებს კი აფინანსებს სახელმწიფო.
ამერიკელებთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე ჩვენ ჯანდაცვა ფეხზე ვერ დადგებოდა და ახლაც ჩვენ გაგვიჭირდება განვითარება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.