ისრაელის მიერ ქვეყანაში ორი ამერიკელი დეპუტატის არ შეშვების გადაწყვეტილება შტატებში მწვავე განხილვისა და კრიტიკის საგანი გახდა. ამერიკელი დემოკრატები ისარელის პრემიერის გადაწყვეტილებას აკრტიკებენ და ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდებენ, საკითხს კიდევ ერთხელ გონივრულად გადახედოს.
დემოკრატებს მიაჩნიათ, რომ ამერიკელი ქალი კონგრესმენებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვა ორი სახელმწიფოს ურთიერთობებს დააზიანებს და ამერიკულ მხარდაჭერას ისრაელისთვის ნეგატიური გზით განავითარებს.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მუსლიმ წევრებს ილჰან ომარსა და რაშიდა ტლაიბას ისრაელში შესვლა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განკარგულებით აუკრძალეს. როგორც ცნობილია, ორივე დეპუტატი ისრაელის ბოიკოტის მხარდამჭერი იყო, სწორედ ეს უკანასკნელი გახდა ისრაელში მათ შესვლაზე უარის საბაბი.
ისრაელის კანონმდებლობის თანახმად, უცხოელისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ის ისრაელის მიმართ ეკონომიკური, კულტურული ან სხვა სახის ბოიკოტის ან აკრძალვის მხარდამჭერია.
დემოკრატიული პარტიის წევრები, ომარი და ტლაიბი აღმოსავლეთ იერუსალიმსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ჩასვლას გეგმავდნენ.

























