მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამერიკელი სენატორები კონგრესს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მიღებისკენ მოუწოდებენ

სანქციები

აშშ-ის სენატორები კონგრესს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მიღებისკენ მოუწოდებენ, მას შემდეგ, რაც რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებმა მნიშვნელოვანი პროგრესი ვერ განიცადა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი კანონპროექტები ექვსი კვირის წინ უკვე წარადგინეს, მათი კენჭისყრა ჯერჯერობით არ არის ჩანიშნული. აქვე საგულისხმოა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველი პირდაპირი მოლაპარაკება პარასკევს, ანუ 16 მაისს შედგა.

დემოკრატმა სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებების გაჭიანურებას მანამ განაგრძობს, სანამ მისი ეკონომიკა მნიშვნელოვნად არ დაზარალდება: „ის უნდა მოხვდეს ფინანსურ იზოლაციაში,“ – აღნიშნა ბლუმენტალმა და კონგრესს სანქციების კანონპროექტის კენჭისყრისკენ მოუწოდა.

ბლუმენტალმა და რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა 1 აპრილს წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც მიზნად რუსეთისთვის ომის დაფინანსება კიდევ უფრო გართულებას ისახავს. ინიციატივა ითვალისწინებს, მათ შორის აშშ-ში იმპორტზე 500%-იან ტარიფს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთის ენერგორესურსებს ყიდულობენ.

სენატში აღნიშნულ კანონპროექტს 100-წევრიან პალატაში უკვე 73 თანამოაზრე ჰყავს, თუმცა ლიდერები ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, აღნიშნული კენჭისყრაზე როდის განიხილება. ანალოგიური ინიციატივა იმავე დღეს წარმომადგენელთა პალატაშიც წარადგინეს და მას ორპარტიული მხარდაჭერა 28 წევრისგან აქვს.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა ქვეყანას მრავალი სანქცია დაუწესა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ზომები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს რუსეთის ეკონომიკას, მოსკოვმა გარკვეული გზები მაინც იპოვა სანქციების თავიდან ასარიდებლად და ომის დაფინანსების გასაგრძელებლად.

ინფორმაციისთვის, გუშინ, 16 მაისს სტამბოლში, უკრაინელი და რუსი დელეგატები ერთმანეთს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის შეხვდნენ, რომელიც 2 საათზე ნაკლებ დროში დასრულდა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა წამოაყენა "არარეალური" მოთხოვნები, რომლებიც სცილდება "ყველაფერს, რაც კი ოდესმე განიხილებოდა". ზოგიერთი მოთხოვნა მოიცავს უკრაინის ჯარების გაყვანას საკუთარი ტერიტორიიდან, როგორც ცეცხლის შეწყვეტის პირობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები