მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკის ახალგაზრდა მილიარდერების ათეული

616425a77eaa8
თათია კაკიაშვილი
12.10.21 00:20
5125
ფორბსმა” უმდიდრესი ამერიკელების მორიგი რეიტინგი გამოაქვეყნა. ამჯერად - 15-დან 40 წლამდე მილიარდერების ათეულს გაგაცნობთ:

1. რეიტინგის პირველ ადგილს სემ ბენკმენ-ფრიდი იკავებს - 29 წლის მილიარდერი, რომლის ქონებაც 22,5 მილიარდს უტოლდება. მისი სიმდიდრის წყარო კი კრიპტოვალუტაა.

2. შემდეგი - ევან სპიგელია - 31 წლის მილიარდერი 13,8 მილიარდი დოლარის შემოსავლით. სპიგელი სოციალურ ქსელ Snapchat-ის თანადამფუძნებელია.

3. მესამე ადგილს - 33 წლის ბობი მერფი იკავებს, 15,2 მილიარდ დოლარად შეფასებული ქონებით, რომელიც ასევე Snapchat-ის თანადამფუძნებელია. საგულისხმოა, რომ გასული წლის რეიტინგის შემდეგ, Snapchat-ის თანადამფუძნებლების ქონება სამჯერ გაიზარდა, რადგან აპლიკაციის აქციების ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამასთან, გასული წლის ნოემბერში Snapchat-მა TikTok-თან კონკურენციის გაწევა სცადა და მაყურებელს ვიდეოების ნაწილ-ნაწილ ყურება შესთავაზა. როგორც ჩანს, ამ მიდგომამ გაამართლა - 2021 წლის მეორე კვარტალში კომპანიამ რეკორდულ შემოსავალს - 982 მილიონ დოლარს მიაღწია.

4. ახალგაზრდა მილიარდერების სიაში მეოთხე ადგილზე ფრედ ერსამი გვხვდება - ის 33 წლისაა და 3.5 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობს. მისი სიმდიდრის წყარო კრიპტოვალუტა გახლავთ. ფრედ ერსამმა 2012 წელს Coinbase Global-ი დააარსა, ხოლო 2017 წელს კომპანია დატოვა, თუმცა აქციების დაახლოებით 6% დაიტოვა და მისი სიმდიდრეც სწორედ ამან განაპირობა. 2018 წელს ერსამმა საინვესტიციო ფირმა “პარადიგმა” დააარსა, რომელიც ათეულობით კომპანიაში ფლობს კრიპტოვალუტის აქციებს.

5. შემდეგია 35 წლის ლუკას უოლტონი 17.2 მილიარდი დოლარის ქონებით. ის Walmart-ის დამფუძნებლის სემ ვოლტონის შვილიშვილია. ლუკასის მამა 2005 წელს ავიაკატასტროფაში დაიღუპა, ამიტომ ლუკასს მემკვიდრეობით მამის ქონების მესამედი ერგო და ამჟამად უოლტონების ოჯახის ფონდის გარემოსდაცვითი კომიტეტის თავმჯდომარეა.

6. მეექვსე ადგილს ბაიჯუ ბჰატი იკავებს - 36 წლის მილიარდერი 2.9 მილიარდი დოლარით. ის ფასიანი ქაღალდების წყალობით გამდიდრდა. ამასთან, 2020 წლის ნოემბრამდე ბჰატი RobinHood Markets-ის ერთ-ერთი აღმასრულებელი დირექტორი იყო. ამჟამად კი კომპანიის 8%-ს ფლობს.

7. სიაში, ცხადია, 37 წლის მარკ ცუკერბერგიც გვხვდება, რომელიც 134,5 მილიარდი დოლარის მფლობელია. Facebook-ის დამფუძნებლის ქონება ყოველწლიურად თითქმის 50 მილიარდი დოლარით იზრდება.

8. შემდეგი გახლავთ დასტინ მოსკოვიცი, ასევე 37 წლის, 24.1 მილიარდი დოლარის ქონებით. ამ დროისთვის ის Facebook-ის თითქმის მესამედს ფლობს.

9. ახალგაზრდა მილიარდერების რეიტინგის მე-9 ადგილს ბრაიან არმსტრონგი იკავებს, რომელიც 38 წლისაა და 11,5 მილიარდ დოლარს ფლობს. ის კრიპტოვალუტის ბირჟაზე ვაჭრობს.

10. დაბოლოს, ათეულის ბოლო ადგილზე გვხვდება 38 წლის ნათან ბლეჩარჩიკი 10 მილიარდი დოლარის ქონებით, რომლის სიმდიდრის წყარო Airbnb-ია. 2021 წლის მეორე კვარტალში კომპანიის შემოსავალმა 1,34 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით, 300%-ით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები